სამართლიანი არჩევნები – დაუდგენელი პირები ჩვენი ორგანიზაციის სახელს იყენებენ

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ინფორმაციით, დაუდგენელი პირები არასამთავრობო ორგანიზაციის სახელს იყენებენ და ამომრჩევლებისგან არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირები ,,ანონიმური კვლევის” ფარგლებში ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის და მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ინფორმაციას სთხოვენ.
,,ჩვენი ფეისბუქ გვერდის მომხმარებლები გვატყობინებენ, რომ დაუდგენელი პირები მათ ტელეფონზე საერთაშორისო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” სახელით უკავშირდებიან, რათა ”ანონიმური კვლევის ფარგლებში” გამოჰკითხონ ინფორმაცია კონკრეტული ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობისა და სავარაუდო არჩევანის შესახებ როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ტიპის კვლევას ჩვენი ორგანიზაცია არ ატარებს. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ ჩვენი სახელი მათთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. რეალურად მათ არაფერი აქვთ საერთო ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან”.
თუ ფლობთ ინფორმაციას მსგავსი ფაქტების შესახებ, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ჩვენს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების სახით”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაკა ხაზიური

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *