ახალი ამბები

ახმეტაში მდებარე ერთ-ერთ მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას და თუშეთში მდებარე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭა.

საკრებულოში თუშეთის მაჟორიტარ დეპუტატი ანზორ ხიზანაიძის განცხადებით, მწვერვალისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის დარქმევის საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სოფელ ქვემო და ზემო ალვანის მოსახლეობას შეხვდნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ახმეტის საკრებულომ. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ამ საკითხზე მსჯელობა. მწვერვალი ზღვის დონიდან 3276 მეტრზე მდებარეობს”, – განაცხადა ანზორ ხიზანაიძემ.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

ის იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. ის დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი