არჩევნებიახალი ამბები

ახმეტის საოლქო კომისიამ ხუთი საჩივრიდან 4 განუხილველად დატოვა, ხოლო ერთი უსაფუძვლოდ მიიჩნია

ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 საჩივრიდან 4 არ განიხილა, ხოლო ერთი არ დააკმაყოფილა. როგორც knews.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, 4 საჩივარი კომისიაში არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა, რის გამოც საჩივრები განუხილველი დარჩა.

მინდია იუკურიძის ინფორმაციით, ააიპ “ახალგაზრდული ცენტრი – ჩვენი თაობა 1921”-მა კი კომისიამ ერთი საჩივრით მიმართა, სადაც ითხოვდა ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას. იუკურიძის განმარტებით, მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რის გამოც ის არ დაკმაყოფილდა.
“4 საჩივარი სხვადასხვა უბანზე დაწერეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა, ხოლო ოლქში ეს საჩივრები შემოიტანა კონსერვატიულმა პარტიამ. ოლქშიც ეს საჩივრები უნდა შემოეტანა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და არა კონსერვატორებს. ამ ფაქტორის გამო ოთხივე საჩივარი განუხილველად დავტოვეთ. მეხუთე საჩივარი კი ეხებოდა ერთ-ერთ უბანზე გამოვლენილ პროცედურულ დარღვევას. ამის გამო საჩივრის ავტორი ითხოვდა საუბნო კომისიის წევრის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ხარვეზი ადგილზევე აღმოიფხვრა. ამ შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს კომისიის წევრის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას”, – განუცხადა knews.ge-ს მინდია იუკურიძემ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი