გურჯაანის საოლქო კომისიამ ორი საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო ერთი არ დააკმაყოფილა
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ სამი საჩივრიდან ორი არ განიხილა, ხოლო ერთი არ დააკმაყოფილა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ორი საჩივრის განუხილევლად დატოვებას მათი შედგენისა და წარდგენის პროცედურების დარღვევას უკავშირებს.
მაია ჩუთლაშვილის თქმით, მესამე საჩივარში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” ითხოვდა 28-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, თუმცა ობიექტური რეალობიდან გამომდინარე კომისიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
“სამართლიანმა არჩევნებმა შემოიტანა ორი საჩივარი. ერთ საჩივარში იყო ხარვეზი, კერძოდ, საჩივრის დაფიქსირების დრო იყო უფრო გვიან მითითებული, ვიდრე შემოტანის დრო. ჩვენ ვთხოვეთ საჩივრის წარდგენის პროცედურის დარღვევის გამოსწორება, თუმცა დადგენილ ვადაში ეს ხარვეზი ვერ აღმოფხვრეს, რის გამოც კომისიამ საჩივარი განუხილველად დატოვა. კომისიამ ასევე არ განიხილა ააიპ „ახალგაზრდული ცენტრი- ჩვენი თაობა 1921”-ის საჩივარი, რადგან მათაც დაარღვიეს საჩივრის შედგენისა და წარდგენის წესი. საჩივარი პირდაპირ შემოიტანეს საოლქო საარჩევნო კომისიაში. კანონის მიხედვით, ჯერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის უნდა მიემართათ. გარდა ამისა, “სამართლიანმა არჩევნებმა” კიდევ ერთი საჩივრით მოგვმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ რეგისტრატორმა 28-ე უბანზე ისე გასცა ბიულეტენი, რომ ბეჭედი არ დაარტყა. საჩივრის ავტორი ითხოვდა რეგისტრატორის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ უბანზე ხშირად იყო ხმაური და აქედან ასევე გააძევეს ერთ-ერთი დამკვირვებელი, შექმნილი ვითარების გამო რეგისტრატორს გამორჩა ბიულეტენის ბეჭდით დამოწმება. კომისიამ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე კომისიის წევრს დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ დააკისრა”, – განუცხადა knews.ge-ს მაია ჩუთლაშვილმა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი