ახალი ამბები

სიღნაღის სასამართლომ ბებიაზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო. მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბებიას – მ.კ.-ს სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა.
,,სამართალდამცველებმა ლ.მ. 2018 წლის 13 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რომელმაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – განაცხადეს პროკურატურაში.

ავტორი: მაკა ხაზიური