ახალი ამბები

კახეთში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთში, გამოავლინეს ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალურ, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მათი დაზიანებების მიუხედავად, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.
“საგანოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდში მიღებული ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე. კახეთის გარდა, კანონდარღვევა გამოვლინდა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში”, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი