თელავის თეტარის წინ მსახიობ თემურ ხუნაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ კიდევ ერთი მსახიობის, თემურ ხუნაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.
საზეიმო ცერემონია 25 ოქტომბერს, 18 საათზეა დაგეგმილი. თემურ ხუნაშვილის სამსახიობო კარიერა 1970 წელს დაიწყო. ის საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია. მან 48 წლის მანძილზე თეატრში 150-ზე მეტი როლი შეასრულა. მსახიობი მონაწილეობდა ქართულ ფილმებში და ასევე სერიალში “27 დრაკონი”. თემურ ხუნაშვილი რამდენიმე სპექტაკლის რეჟისორიც არის.
„ის, რომ მშობლიური თეატრის წინ ჩემი ვარსკვლავი გაიხსნება, არის ხალხის, ხელმძღვანელობის, მთავრობის აღიარება. ეს არის სიამაყე, მადლიერების გრძნობა, სიკეთისა და სიყვარულის გამოხატულება. ეს პროცესი დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო, რადგან თელაველი მაყურებელი ელოდებოდა თეატრის წინ ვარსკვლავების გახსნას. ეს მოახერხა შესანიშნავმა მსახიობმა და ჩვენი თეტარის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პაატა გულიაშვილმა“, – განაცხადა თემურ ხუნაშვილმა.
თელავის თეატრის წინ ვანო იანტბელიძის ვარსკვლავის გახსნაც იგეგმება. შეგახსენებთ, რომ თეატრის წინ პირველად ვენერა ფეიქრიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი