2018 წელს კახეთში 145 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს კახეთში დაფინანსდა 35 მილიონი ლარი ღირებულების 145 პროექტი, მათ შორის გზების რეაბილიტაციაზე 102 პროექტია გათვალისწინებული, წყალმომარაგებაზე 26 და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად კი – 17.
“იზრდება და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება დატვირთვა რეგიონულ პროექტებთან დაკავშირებით. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონებში გაცილებით მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს კახეთში 145 პროექტი დაფინანსდა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის მუნიციპალიტეტების მერები, სამშენებლო, საპროექტო და საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლები.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა პროექტის მონაწილეები, მუნიციპალიტეტების მერები და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია მათი აზრები. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ღიად ისაუბრონ ყველა პრობლემასა და დაპრკოლებაზე, რაც მათ მუშაობის პროცესში აქვთ. არის უფრო ამბიციური გეგმები, რომ მთავრობამ უფრო მეტი პროექტი განახორციელოს”, – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.
ავტორები: ნათია დათუკიშვილი, ვასილ ბაბუაშვილი.