გერმანია საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები
საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენდა სამწუხაროდ, სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ასევე, საელჩოს განცხადებაში მოყვანილია გერმანული მხარის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, 26 იანვარს გაკეთებული განცხადებაც, სადაც გერმანია საქართველოს რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ, გერმანია საქართველოს რეკომენდაციას უწევს რიგი კანონების გაუქმების ან ცვლილებების შესახებ.
„საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა ვალდებულებებს მოიცავს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას – ე.წ. Universal Periodic Review (UPR), რომელიც ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს. ეს პროცედურა ეფუძნება გაეროს ქარტიას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა კონვენციებს და შესაბამის შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.
საქართველოს შემოწმება ახლახან განხორციელდა. გერმანიამ განცხადება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით. საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენდა სამწუხაროდ სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას.
ჟენევა, 2026 წლის 26 იანვარი:
გერმანია ძალიან შეშფოთებულია [საქართველოში] ადამიანის უფლებების სწრაფად გაუარესებული მდგომარეობის გამო, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების ჩათვლით, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების ბოროტად გამოყენების გზით.
გერმანია წუხილს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებთან დაკავშირებით.
გერმანია რეკომენდაციებს უწევს საქართველოს, გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები, მათ შორის პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, და უზრუნველყოს მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე, კომპენსაციასა და რეაბილიტაციაზე წვდომა;
მოხსნას სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის დაბრკოლებები, მათ შორის გააუქმოს ან შეცვალოს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები;
გადახედოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ამჟამად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, რათა ისინი შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართალთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშთან;
გააუქმოს ან ძირეულად შეცვალოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები“, – ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

