ახალი ამბები

სუბიექტზე, რომელიც პარტიად რეგისტრირებული არ არის, მაგრამ თავისი საქმიანობის შინაარსით პოლიტიკური მიზნის მქონე პირად მიიჩნევა, პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვა და მოთხოვნები გავრცელდება

სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიად რეგისტრირებული არ არის, მაგრამ თავისი საქმიანობის შინაარსით, საჯარო მოქმედებით, მათ შორის მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით არსებითად პოლიტიკურ პარტიას ჰგავს, პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირად მიიჩნევა და მასზე პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვა და მოთხოვნები გავრცელდება.

ეს არის ერთ-ერთი ცვლილება იმ ცვლილებათა შორის, რომლის ასახვას “ქართული ოცნება“ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში იგეგმება.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ მოქმედი კანონი “განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ სუბიექტის ცნებას ითვალისწინებს, რაც თავი მხრივ, ისეთ სუბიექტს გულისხმობს, რომლის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი იკვეთება და რომელსაც ამის თაობაზე განცხადება გაკეთებული აქვს საჯაროდ.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, ტერმინი “განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“, ჩანაცვლება ტერმინით – “ განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ და ფართოვდება აღნიშნული ტერმინის შინაარსობრივი განმარტება.

აღნიშნული კანონის კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც უცხოური ძალისგან ფინანსდება, 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრობა აეკრძალება.

უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირებისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება.