სტატიები

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია გომბორის გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს

ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთი ხელახლა უნდა დაპროექტდეს.

,,გომბორის გზის გადასახვევთან წრიული მოძრაობა თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ როგორ არ უნდა ხდებოდეს საგზაო მოძრაობის რეგულირება. ამ გზაზე ხდება სიჩქარის კონტროლი, არ არის კამერრადარები. საპოლიციო კონტროლი სუსტია. შესაბამისად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა აბსოლუტური უმრავლესობა რეაგირების გარეშე რჩება’’,- განუცხადა knews.ge-ს დავით მესხიშვილმა.

მესხიშვილისვე განცხადებით, ასოციაციამ მოკვლევა ჩაატარა და რეკომენდაციებიც შეიმუშავა. მისივე თქმით, კვლევის შედეგებმა საგანგაშო შედეგები აჩვენა და შესაბამის სამსახურებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

,,აღმოჩნდა, რომ მოუწყობელია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, რაც ავარიების რისკს ზრდის. აუცილებელია თბილისიბაკურციხელაგოდეხის გზის 27- კილომეტრზე, წრიული მოძრაობა და გომბორის გადასახვევი დაპროექტდეს თავიდან ექსპერტების ჩართულობით, აღდგენილ იქნას ჩაწეული და დაზიანებული გზის საფარი (გომბორი, ვერონა). სახიფათო მოსახვევებში მოეწყოს გზის ვირაჟი, გზის 50- კილომეტრზე, სახიფათო მოსახვევთან განხორციელდეს ორმოული სამუშაო. აუცილებელია შესწავლილ იქნას მეწყერსაშიში ადგილები გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჩართულობით და მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის ინფრასტრუქტურული ხერხი, რომელიც შეამცირებს სახიფათო რისკებს. გზის 50- კილომეტრს აქვსშავი წერტილისათვისდამახასიათებელი ნიშნები, ამიტომ საჭიროა საგანგებო ზომების მიღება, აღდგეს დაზიანებული თვალამრიდები: ბოძი, ტროსი, ბარიერული ლითონის შემოღობვა, დამატებით განთავსდეს საგზაო ნიშნები და მოეწყოს სხვა ინფრასტრუქტურა. დასკვნის მომზადებაში ჩართულები იყვნენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სპეციალისტები.’’,- განუცხადა knews.ge-ს დავით მესხიშვილმა.

გომბორის გზის მონაკვეთზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიხედვით, ავტოავარიების კუთხით განსაკუთრებით მძიმე 2018 წელი გამოდგა.

17თებერვალს, „სოკარის“ კუთვნილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (გადაჰქონდა 23 ტონა საწვავი) მძღოლმა, გზის 33-ე კილომეტრზე საჭე ვეღარ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობიდან გადავარდა და აფეთქდა.

9 ივნისს, ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვებით დატვირთული მიკროავტობუსი გზის 50-ე კილომეტრზე გადაიჩეხა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამ შეიწირა 3 ქალისა და 1 ბავშვის სიცოცხლე, ხოლო 21 ადამიანი. პირველ ივლისს, მიკროავტობუსს რომელსაც ბელარუსი ტურისტები გადაჰყავდა ამობრუნდა, დაშავდა 10-მდე ადამიანი. 13 ივლისს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ემსხვერპლა 1, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი. 

ადგილობრივების თქმით, გომბორზე გახშირებული ავარიების მიზეზი გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, მძღოლების უყურადღებობის ბრალიცაა.

,,გომბორის გზა ხშირად იმეწყრება. ძლიერი წვიმების დროს წყალი გზაზე გადმოდის და ეს ქმნის ნორმალურად გადაადგილების პრობლემებს, ხშირია ავარიები. მძღოლები ძალიან სწრაფად დადიან, არაფერს აქცევენ ყურადღებას, ერთმანეთს ასწრებენ და გზას არ უთმობენ. მისახედია და დასარეგულირებელია ეს საკითხი, უნდა მოხდეს მოძრაობის მკაცრი გაკონტროლება პოლიციის მხრიდან’’,- განუცხადა knews.ge-ს თელაველმა გოგი ლეშკაშელმა.

მძღოლები ინფრასტრუქტურის მოუწყობლობასა და რთულ ადგილმდებარეობაზე მითითებენ. აცხადებენ, რომ აუცილებელია შესამაბისმა სამსახურებმა სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები და ვიდეო კამერები დაამონტაჟონ.

,,გზა სულ მოსახვევებია და რთულია გადასაადგილებლად. გარდა ამისა, პრობლემა მანქანების გაუმართაობა, რომლის გამო ავარიები ხშირია. რთულ მონაკვეთებზე უნდა მოეწყოს სათანადო ინფრასტრუქტურა, რომ მძღოლმა შეანელოს მოძრაობა’’,- განუცხადა Knews.ge-ს ვარდისუბნელმა მძღოლმა ლევან გოგოლაურმა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის სამმართველოში აცხადებენ, რომ გომბორის გზაზე მოძრაობა გადატვირთულია, რის გამოც ავარიები ხშირად ხდება.

,,გზები პროექტდება და კატეგორიების მიხედვით შენდება. გომბორის გზა არის მეოთხე კატეგორიის, მოძრაობა კი მეორე კატეგორიის შესაბამისია. ვიცით, რომ მოძრაობის ინტენსივობა დიდია. გზის პარამეტრები კი, მაგალითად სიგანე, არ შეესაბამება ამ ინტენსივობას. გომბორის უღელტეხილზე და მსგავსი კატეგორიის გზაზე ყოველდღე უნდა სარგებლობდეს 1000-მდე მანქანა, აქ კი 7 000-ზე მეტი მანქანა მოძრაობს. შესაბამისად, გზა ამ ინტენსივობის მოძრაობას ვეღარ უძლებს. ინფრასტრუქტურა უკვე მეორეხარისხოვანია როცა ეს პრობლემა დგას. რათქმაუნდა არის მოსაწყობი ინფრასტრუქტურაც და ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. ე.წ. ,,ცხელი წერტილებში’’ გავნათავსეთ ქართულ და ინგლისურ ენაზე საინფორმაცო ბანერები, რომელიც მძღოლებს აფრთხილებს, ციცაბო დაღმართის და მკვეთრი მოსახვევის შესახებ. გარდა ამისა, დავამატეთ საგზაო ნიშნები, მაგრამ მძღოლებიუმეტესობა უღელტეხილის წვერიდან ჩამქრალი მანქანით მოდის, რაც არ შეიძლება. ავარიების მიზეზები კომპლექსურია’’,– განუცხადა Knews.ge-ს სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა.