დღეს სოფელ ომალოში მეცხვარის დღე – თუშეთობა 2018 აღინიშნება
როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, წელს ღონისძიებაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოც მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.
“ვიზიტორთა ცენტრის ეზოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საინფორმაციო სტენდები და ინტერაქციული ბანერები განთავსდება, სადაც სტუმრებს ფოტოების გადაღება შეეძლებათ. ასევე მოეწყობა დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ადგილობრივი და მოწვეული ოსტატების ნამუშევრები; მოეწყობა თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ თუშური კერძები და ჩაერთონ მომზადების პროცესში. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებებიც გაიმართება, მოეწყობა დოღი და მშვილდოსნობის კუთხე. ბავშვებისთვის ხრიდოლის ფედერაციის წევრები ტრადიციული ქართული თამაშების სივრცეს მოაწყობენ; გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენაც”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
„მეცხვარის დღე – თუშეთობა 2018“ სოფო ბათილაშვილის , ზვიად ბოლქვაძისა და ჯგუფის „ნიუტონი“ კონცერტით დასრულდება. ღონისძიების მიზანი თუშეთის პოპულარიზაციის გაზრდა, რეგიონში ეკო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაა. დღესასწაული თუშების უძველეს პროფესიას -მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ივლისის ან აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება.