ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი მსოფლიოში განთქმული დირიჟორი იქნება

საკურორტო ქალაქ ვერბიეში, ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას მაესტრო ნოზედას და წინანდლის ფესტივალის დამაარსებლებს შორის.
“2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის ფესტივალი, ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც წელიწადში ერთხელ შეიკრიბება და ფესტივალის ფარგლებში დაარსებული მუსიკალური აკადემია წინანდლის ისტორიულ მამულებში იქნება. ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი რეგიონში ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. პირველივე დღიდან, როდესაც კომპანია “სილქ როუდ ჯგუფმა” წინანდლის პროექტი წამოიწყო, ჩვენი ხედვა იყო საქართველოში წარმატებული და მდგრადი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება. ჩვენი პარტნიორიც, ერკინ ტატიშევი იმთავითვე ამ ფასეულობების გაზიარებით შემოუერთდა პროექტს. არ შეიძლება მუსიკის ენის მნიშვნელობა სათანადოდ არ შეაფასო, რადგან მუსიკა მშვიდობის, კეთილდღეობის და კავკასიის ხალხთა შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ყველაზე ძლიერი ელჩია”,-განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფისა“ და ფესტივალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა იმედონებს, რომ შეძლებს კავკასიის რეგიონში ნიჭიერი მუსიკოსების ახალი თაობის გაზრდას ახალგაზრდული ორკესტრის შესაქმნელად. “დარწმუნებული ვარ რომ, ახალაზრდების ერთგულება, ჩართულობა და საერთო ფასეულობების გაზიარება დაეხმარება მათ მაღალი შემოქმედებითი ხარისხის და ხელოვნების სათანადო დონის მიღწევაში და შეგვაძლებინებს – ყველას ერთად – წვლილი შევიტანოთ ურთიერთ პატივისცემაზე, ტოლერანტობაზე და ჰუმანურობაზე დაფუძნებული უკეთესი საზოგადოების განვითარებაში”, – აღნიშნა ნოზედამ. 
წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობის და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.
მისი დამაარსებლები არიან: მარტინ ენგსტროემი, ვერბიეს ფესტივალის დამუძნებელი, ავი შოშანი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი და სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებლები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დევიდ ბორგერი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძეა.
წინანდლის მამულები 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო. წინანდლის პროექტის პროგრამის მიზანია წინანდლის მამულები საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს.
იტალიელი ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, 2016 წლიდან არის აშშ-ს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი, ასევე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, 2007-2018 წლებში ნოზედა იყო ტურინის სამეფო თეატრის მუსიკალური დირექტორი. 2021 წლიდან ჯანანდრეა ნოზედა ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოსტსაც დაიკავებს.