ახალი ამბები

ლაგოდეხიდან რუსეთში გატაცებული მესაზღვრეები საქართველოში დააბრუნეს

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მესაზღვრეები, თბილისის დროით 12 საათზე, გადმოსცეს. 
“საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს 2 მესაზღვრე მიმდინარე წლის 27 ივნისს, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა, დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის შემდეგ მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
ქართველ მესაზღვრეებს ლაგოდეხში, სასაზღვრო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში ელოდებიან. 
შსს-ს ინფორმაციით, უწყება მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს.