ახალი ამბები

თხილის ექსპორტიორები – HACCP-ის დანერგვას სექტემბრამდე ვერ მოვასწრებთ

ექსპორტიორების ნაწილი აცხადებს, რომ შემოდგომამდე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვას ვერ მოასწრებენ. 
„HACCP-ის პრინციპები რომ დავნერგოთ, ინფრასტრუქტურის ნაწილში დიდი ხარჯის გაწევა მოგვიწევს. ჩვენ, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის ამას ვერ მოვასწრებთ“, – აღნიშნავს თხილის მწარმოებელი კომპანია “ქესკიას” დამფუძნებელი მარიამ კოდუა.
მეწარმეების ნაწილი კი აღნიშნული რეგულაციის შესახებ ინფორმირებული არ არის. 
„მე თქვენგან გავიგე, რომ თხილის ექსპორტიორებს პირველი სექტემბრიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მეწარმეს არ აქვს ინფორმაცია ამის შესახებ. არც კი ვიცი რას ნიშნავს HACCP. აუცილებელია, რომ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდეს და გაგვაგებინონ, რა არის HACCP და რა მოგვეთხოვება“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ლაგოდეხში მდებარე თხილის მწარმოებელი კოოპერატივის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე.