ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი მოგზაურობას თელავიდან იწყებს
ჭადრაკის მოყვარულებისთვის ტურნირი თელავში გაიმართება.
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ჩემპიონატი ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის ფოიეში, 7 ივნისს, 16:00 საათზე, გაიმართება.
უწყების ინფორმაციით, ტურნირის ფარგლებში ერთდროულად 30 დაფაზე ითამაშებენ ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და ბელა ხოტენაშვილი.
,,ტურნირის ფარგლებში მოეწყობა ქართული ჭადრაკის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მინი ექსპოზიცია, ასევე გაიმართება ვიქტორინა საჭადრაკო ერუდიციაზე. აღსანიშნავია, რომ 1997 წელს მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით ფიდემ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში, ჯამში, საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა. 1998 წლიდან ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალი თასი, ძირითადად, ერთსა და იმავე ქვეყნებში მოგზაურობდა – მისი მფლობელი სამგზის გახდა რუსეთის ნაკრები, ორგზის – ჩინეთის ნაკრები და ასევე ორჯერ დაეუფლა თასს უკრაინის ნაკრები. ნონა გაფრინდაშვილის თასი თბილისში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად წარადგინა. ოლიმპიადის გახსნამდე, რომელიც 23 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამ თასმა საქართველოს ყველა რეგიონი უნდა მოიაროს”,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.