ახალი ამბები

საგარეჯოს საკრებულომ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დაამტკიცა

ეს წესი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების და ჯილდოების შემოღების სამართლებრივი საფუძვლებს განსაზღვრავს. 
“მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, “საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან /და სხვა სახის საქმიანობით /მოღვაწეობით გააჩნია განსაკუთრებული დამსახურება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ან /და საქართველოს წინაშე ; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ან /და საქართველოს განვითარების საქმეში; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში”, – განუცხადეს knews.ge-ს საგარეჯოს საკრებულოში. 
წარმომადგენლობითი ორგანოს ინფორმაციით, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება შესაძლებელია ისეთი სხვა ობიექტური საფუძვლებიდან გამომდინარეც, რომელიც ამართლებს აღნიშნული სტატუსის მინიჭებას. საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და ძალაში შევიდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნება საგარეჯოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფის რეკომენდაციით საბოლოო გადაწყვეტილებას წოდების მინიჭების შესახებ საგარეჯოს მერი მიიღებს.
საკრებულოს დადგენილებაში წოდების ჩამორთმევის შემთხვევებიც არის განსაზღვრული. 
„პირს შეიძლება ჩამოერთვას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, თუ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ /ზნეობრივ და ეთიკურ ნორმებს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე“,- აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში.