ახალი ამბები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება

საქართველოს მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ოჯახური დანაშაულის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონპროექტი დღეს დაამტკიცა. შსს-ს განმარტავენ, რომ კანონპროექტის შექმნის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. 
,,კანონპროექტის მიხედვით კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული; ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება. გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. მოსალოდნელი ცვლილებებით მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის. დღეს არსებული სასჯელის ნაცვლად, რომელიც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვლაისწინებს, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე პატიმრობით; დამამძიმებელი გარემოება იქნება ოჯახის წევრის მკვლელობა”,- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება