ახალი ამბები

გურჯაანის საცურაო აუზი ფუნქციონირებას თებერვლიდან განაახლებს

ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს “აროტრონი” ასრულებს.როგორც knews.ge–ს გურჯაანის სპორტული კომპლექსის დირექტორმა, არჩილ გოგიაშვილმა განუცხადა, აარემონტო სამუშაოების გარდა, სპეციალისტები აუზს სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ. 
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ გახსნის მომენტისთვის აუზი ტექნიკურად მომზადდეს. საცურაო აუზის სპეციფიკიდან გამომდინარე 25 დეკემბრიდან სპორტული ჯგუფები არ ფუქნციონირებენ. ეს შეზღუდვა აბონენტებზეც ვრცელდება. აუზში წყალი იცვლება და სპეციალური ხსნარით მუშავდება”, – განუცხადა knews.ge–ს არჩილ გოგიაშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, ახალი სეზონიდან სპორტკომპლექსში მუშაობას დაიწყებს მცირე აუზიც, რომელიც 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.
გურჯაანის საცურაო აუზი 2017 წლის მარტში გაიხსნა. ბავშვებისათვის ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება 30 ლარია, ხოლო უფროსებისთვის 50 ლარით განისაზღვრება. მომხმარებლებს აბონემენტის გამოყენება კვირაში ორჯერ შეუძლიათ. ამ ეტაპზე გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვას 300-მდე ბავშვი სწავლობს. 
გურჯაანის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 2012 წელს ჩატარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში სპორტკომპლექსში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი, სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები მოეწყო. საცურაო აუზის გახსნისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან 45 ათასი ლარი დაიხარჯა.