ახალი ამბები

გურჯაანის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, სავარაუდოდ, 1000 ლარით დაეხმარება

როგორც knews.ge–ს გურჯაანის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა განუცხადა, სოციალურად დაუცველი 20 სტუდენტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში 20 000 ლარია გათვალისწინებული. საკითხი ნატო გონგაძემ საკრებულოს სხდომაზე უკვე დააყენა. 

„ჩემი ინიციატივა იყო, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტების თანადაფინანსება 1000 ლარამდე გაზრდილიყო. საკრებულოს დეპუტატებმა მოიწონეს ეს ინიციატივა. შევიმუშავებთ სოციალური დახმარების გაცემის ახალ წესს, სადაც გათვალისწინებული იქნება ეს პუნქტი. თუ საკრებულო ამ პროექტს დაამტკიცებს, სოციალურად დაუცველი 20 სტუდენტი ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებს“, – განუცხადა knews.ge–ს ნატო გონგაძემ. 

ორი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ 20 სტუდენტზე, ერთჯერადი დახმარების სახით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 10 000 ლარი იყო გამოყოფილი.