ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში „იდეების ინკუბატორი“ შეიქმნება

როგორც knews.ge–ს თესაუს რექტორმა, ირმა შიოშვილმა განუცხადა, „იდეების ინკუბატორი“ ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის პროფესორებისა, მკვლევარებისა და სტუდენტების ახალი პროექტების პოპულარიზაციას, რომლებსაც შესთავაზებს პოტენციურ დამფინანსებლებს. 
„ამ გამოცდილებას უკვე ფლობს პორტუგალიის, კოიმბრას უნივერსიტეტი, სადაც მე, პროექტში მონაწილე, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ვიყავი. ჩვენ ვნახეთ კოიმბრას უნივერსიტეტის „იდეების ინკუბატორი“, გავეცანით ამ უმაღლესი სასწავლებლისა და მისი შვილობილი კომპანიების თანამშრომლობის პრაქტიკას, დავათვალიერეთ კვლევების ლაბორატორია, სადაც უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის უახლესი მეთოდები მუშავდება. ეს პროექტი თელავის უნივერსიტეტში მალე განხორციელდება. „იდეების ინკუბატორი“ იქნება კვლევების ლაბორატორია, სადაც უნივერსიტეტის ნებისმიერ პროფესორს, თანამშრომელსა თუ სტუდენტს შეეძლება წარმოადგინოს თავისი პროექტი, რომელიც დამუშავდება“, – განუცხადა knews.ge–ს ირმა შიოშვილმა.