საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი იწყება
ცესკოს ინფორმაციით, 73 საარჩევნო ოლქის 3635 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 810 ვაკანტურ ადგილზე 28 666 კონკურსანტი დარეგისტრირდა.
,,საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 6 სექტემბრიდან 7 უფლებამოსილი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნას დაიწყებს. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე, ჯამში, შეადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის 25 445 წევრს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და მედიას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც კოლეგიალური ორგანო, ხელმძღვანელობს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობის საფუძველზე”, – განაცხადეს ცესკოში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტებში გამგებლის თანამდებობა გაუქმდა. მოსახლეობა ყველა თვითმმართველ ერთეულში მერებს აირჩევს.