სტატიები

ველისცხიხელმა მაია აგულაშვილმა ხელით ნაქსოვი საცურაო კოსტიუმი შექმნა

აგულაშვ კილია მბობს, რომ კოსტიუმების ხელით შექმნის იდეის განხორციელება დიდი ხანია უნდოდა, რადგან ბავშვობიდან უყვარდა კერვა, ქსოვა და ქარგვა. ამ მიმართულებით ბიზნესის დაწყების იდეა რამდენიმე თვის წინ მოუვიდა და პირველი კოსტიუმიც დაამზადა. მაია თავად არჩევს თითოეული კოსტიუმის ფორმას და დიზაინს, როელსაც სხვადასხვა სახის ორნამენტით, თვლითა და ქვით აფორმებს.
,,ხელით დამზადებული ქართული საცურაო კოსტიუმები ყველასგან გამორჩეულია. ბავშვობიდან მიყვარდა კერვა, ქსოვა, ქარგვა, ხატვა. ველისციხეში გავიზარდე და ძირითადად ჩემი შექმნილი სამოსით დავდიოდი, დაწყებული ფეხსაცმლიდან, აქსესუარებით დამთავრებული, თუმცა ეს იყო სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდი, შემდეგ ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა. დავამთავრე კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრული ქსოვის ფაკულტეტი. 8 წელი ვიმუშავე საჯარო სკოლაში, სადაც ვასწავლიდი მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის ისტორიას. პარალელურად ვმუშაობდი ხალიჩების გალერეაში რესტავრატორად. ამის შემდეგ 5 წელი ვიმუშავე ტიხრულ მინანქარზე, შემდეგ გადავერთე ტურიზმში. მეოთხე წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ. როდესაც მე-11 კლასში ვიყავი, პირველად საცურაო კოსტიუმი მაშინ მოვიქსოვე. დღესაც მაქვს შენახული – თეთრი და მწვანე ფერის. მას შემდეგ აღარ მომიქსოვია. არ მომწონს, სანაპირო ზოლზე რომ გაიხედავ და ყველას ერთნაირად აცვია, იშვიათს თუ გამოარჩევ. რამდენიმე თვის წინ იდეაც აქედან გაჩნდა. გადავწყვიტე ჩემთვის მომექსოვა და შემდეგ ვიფიქრე, რომ ცუდი ბიზნესიდეა არ იყო. იდეა სისრულეში მოვიყვანე, თუმცა ჯერ ძალიან ცოტა მაქვს გაკეთებული, ანუ ფაქტობრივად ახლა ვიწყებ’’, – განაცხადა მაია აგულაშვილმა.
მაია ერთ კოსტიუმს ყაინსაღით სხვადასხვა ძაფისგან დაახლოებით სამი დღის განმავლობაში ქსოვს. მისი მტკიცებით, მუშაობის დროს იყენებს მაღალი ხარისხის ძაფებს, რომელიც წყალს კარგად უძლებს და არ იწელება. 
,,ძაფების გარდა, კოსტიუმების მოსამზადებლად ვიყენებ სხვადასხვა ქვას, თვლებს. რაც მთავარია კოსტიუმი არ მძიმდება წყალში, მალე შრება. სწორად თუ მოვუვლით, ადვილად არ გაფუჭდება’’,– განუცხადა knews.ge-ს მაია აგურაშვილმა. 
იგი ფიქრობს, რომ სამომავლოდ ხელით ნაქსოვ საცურაო კოსტიუმებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზრდება. 
,,ვფიქრობ, მალე საკმაოდ მოთხოვნადი იქნება ჩემ მიერ დამზადებული კოსტიუმები, რადგან რამდენიმე დღეა, რაც გავასაჯაროვე ფოტოები და ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა. უკვე მაქვს გამოხმაურებებიც და შეკვეთებიც. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ეს მხოლოდ დასაწყისია და ბევრი საინტერესო გეგმა მაქვს. პირველ რიგში, მინდა ბრენდი შევქმნა, დანარჩენი სიურპრიზად დავტოვოთ.’’