სტატიები

სტიქია კახეთში- დაზიანებული ვენახები და ხეხილის ბაღები

სეტყვამ, რომელიც 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ხეხილის ბაღები, ერთწლიანი კულტურები და ვენახები დააზიანა. მოსახლეობა ირწმუენბა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ ამოქმედდა, რის გამოც, ზარალი გაიზარდა. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
სტიქიის შედეგად ლაგოდეხის რაიონის 10-მდე სოფელი დაისეტყვა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სოფელ საქობოში, ჩადუნიანში, ჰერეთისკარსა და თელაში. ადგილობრივების ინფორმაციით,სეტყვამ საზამთროს ბაღები და ნათესები დააზიანა. განადგურებულია, ასევე, ვენახები და ბოსტნეული კულტურა. რამდენიმე ოჯახში კი წვიმის შედეგად სარდაფები დაიტბორა.
,,საშინელი ამინდი იყო, სეტყვა უცებ წამოვიდა, 10-15 წუთს გრძელდებოდა, თოვლივით იდო სეტყვა გზებზე. ყველაფერი გაანადგურა, ხეებს და ვაზს ფოთლებიც კი აღარ აქვს, მიწასთან გაასწორა ყველაფერი. ყოველთვის ვიგებთ ხოლმე, როცა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა რაკეტებს ისვრის, ახლა არ გაგვიგია ხმა. ალბათ არ აამოქმედეს თორემ ასეთი საშინელი სეტყვა არ მოვიდოდა. ხალხი გაუბედურდა, არაფერი აღარ დაგვრჩა. ვითხოვთ დახმარებას“, – განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს მკვიდრმა გივი ლალოშვილმა.
ძლიერი სეტყვის შედეგებს თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლებშიც ითვლიან. სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა დააზარალა. სეტყვა დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დაისეტყვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული კულტურები და ხეხილი. სეტყვამ ზარალი გურჯაანის რაიონის მოსახლეობასაც მიაყენა.
,,სეტყვა რომ არ მოსულიყო არაფერი გააკეთეს, არ აამოქმედეს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები. ყველაფერი განადგურდა, არაფერი აღარ დაგვრჩა და ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული. ვფიქრობდი, ყურძენს და ხილს გავყიდდი და მაგით გადავიხდიდი ვალს, მაგრამ არაფერი აღარ გაგვაჩნია’’,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოველ ვეჯინის მკვიდრმა ლუბა სიდამონიძემ.
სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ისინი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს ვერ დაეხმარება. მინისტრის ინფორმაციით, ზარალი აღემატება მილიონობით ლარს, რომელსაც ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობის გამო ვერ აანაზღაურებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებს მოუწოდებს, აგროდაზღვევის სერვისით ისარგებლონ.
“სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინები, არ იქნება არანაირი კომპენსაცია. მაშინ, როდესაც აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. ზარალი მილიონობით არის, მისი ანაზღაურების ფუფუნება ბიუჯეტს არ აქვს. საჭიროა სოფლის მეურნეობის ძირითად საშუალებებში ჩაიდოს ინვესტიციები სექტორის გასაძლიერებლად და არა ერთჯერადი დახმარებები”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოსახლეობის ბრალდებებს სახელმწოფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრში პასუხობენ. “დელტაში” ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 20 მაისს კახეთის ექვს რაიონში 3714 კმ2 ფართობის მქონე სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება, რისთვისაც 230 ერთეულამდე რაკეტა გაისროლეს. უწყების განმარტებით, სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად კახეთის რამდენიმე რაიონში მძლავრი ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შესუსტდა.
„მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, 20 მაისს სეტყვის მოსვლის ალბათობა 100% იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ. პროცესებს თან დაერთო ადგილობრივად შიდამასიური ღრუბლის მასების ფორმირებაც, რაც სეტყვასაშიში პროცესების დამატებით გაძლიერების წინაპირობაა. 12:04 საათზე და 18:08 სთ-დან 20:41 სთ-მდე 70 ერთეულ სეტყვასაშიში ღრუბლის კერაზე სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. რაკეტების სროლები მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან გაუარესებული ამინდის გამო საჰაერო სივრცე საფრენი აპარატებით იყო გადატვირთული, რაც რაკეტების დროულად გასროლას შემაფერხებელი ფაქტორია. აქტიური ზემოქმედების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში ლოკალიზება და მისი შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება. ნალექის მასა აღნიშნულ ექვს რაიონში წვიმის და ნაწილობრივ სეტყვის სახით ჩამოიცალა“, – განაცხადეს კომპანია „დელტაში“.