სიღნაღის პირველი მერცხალი

დილაა, სიღნაღს ჯერ კიდევ სძინავს… გორაკზე შეფენილი ქალაქი დილიდან სიყვარულის სიმღერას მღერის.

ეს ის ქალაქია 28 კოშკიანი გალავანი რომ აკრავს გარს და ქიზიყის დედაქალაქს  ეძახიან.

როგორც ძველი წყაროები გვამცნობენ, აქ ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ. შესაბამისად, სიღნაღს ხშირად სტუმრობდნენ ვიზიტორები, რადგანაც აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. არ ვიცი მაშინ სად ათევდნენ ღამეს მგზავრები, მაგრამ ტრადიციები გაგრძელდა.

დღეს თანამედროვე სიღნაღის სტუმართმასპინძლობის ბიზნესის პირველი მერცხალი, ნანა უნდა გაგაცნოთ.

ნანა საოჯახო სასტუმროს   2003   წლიდან მართავს.

ყველაფერი  კი ასე დაიწყო, ერთ დღეს მისი მეზობელი ჯონი (ჯონ ვურდემანი ამერიკელია, რომელიც სიღნაღში 1998 წლიდან ცხოვრობს) მივიდა და უთხრა, რომ ამერიკიდან „Village Harmony”-ს მომღერლების ჯგუფი ჩამოდის, ქართული სიმღერების და ცეკვების შესასწავლად და იქნებ მიიღო 1 კვირით ღამის გასათევადო…..(ეს ის დროა როდესაც გაზი არ არის, აბაზანები მოუწყობელია და უამრავი პრობლემაა)

ნანა: „დავფიქრდი, რატომაც არა. ამერიკა ხომ საოცნებო ქვეყანაა. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გავიცნობ.  ჩემი სახლი არის ძველი, ძველ უბანში, დიდი კედლებით, გრძელი აივნით  და უძველესი მარნით…ამიტომაც იწვევს ყველას მოწონებას…..და დავთანხმდი. ეს დღეც დადგა. ჩემი პირველი ვიზიტორები მივიღე. იყო საჩუქრები, დამეგობრება, გაცილება……და ყველაფერი აქედან დაიწყო.“

მას შემდეგ ნანამ სერიოზულად დაიწყო ამ თემაზე, როგორც შემოსავლის მომტან საქმეზე ფიქრი. გაიარა ტრენინგები როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და შეისწავლა  სასტუმრო საქმე, სადაც დაინახა, რომ მიუხედავად კარგი სტუმართმასპინძლობისა, ეს სულ სხვა თემა იყო და ბევრ სწავლასა და მუშაობას საჭიროებდა.

სიღნაღი ნელა-ნელა პოპულარული ხდებოდა. 2007 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ უამრავი ტურისტი მოაწყდა სიღნაღს. ქალაქი ამისთვის მზად არ იყო.

მოთხოვნის გაჩენასთან ერთად სოკოებივით გამრავლდნენ სასტუმროები და კაფეები, რესტორნები და ღვინის მარნები.

ნანას უყვარს თავისი საქმე და სიღნაღი: „ეს ბუნების უდიდესი საჩუქარია…სიღნაღი…..სიყვარულის და სილამაზის, მეგობრობის და საოცრებების ქალაქი, ნინოს მონასტრით და გალავნით, ფიროსმანით და ვანო სარაჯიშვილით, გამუმეორებელი კოლორიტებით.“

  ამიტომაცაცაა, რომ იმატებს და იმატებს ტურისტების რაოდენობა. უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან, რათა დატკბნენ სიღნაღის სილამაზით.

 გეგმები ბევრი აქვს, ფული ცოტა, ამიტომ ნელა-ნელა, კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ, თუმცა  იმედი აქვს რომ მალე ყველაფერი უკეთესად იქნება.

ვემშვიდობები ნანას და ულამაზეს სიღნაღს, ალაზნის ველი და ბუმბერაზი გავკასიონი რომ უმშვენებენ კალთებს და იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგ შეხვედრაზე ბევრ კარგ ამბავს გავიგებ მისგან.