ახალი ამბები

ქარმა ახმეტაში სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს შეისწავლის და გადახდილი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები კი უახლოეს მომავალში დაიწყება. 
„ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით ხუთ საცხოვრებელ სახლს სახურაბვები ახადა. ქალაქ ახმეტაში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები ნაწილობრივ დაზიანდა. ქარიშხალმა სოფელ მაღრაანის ცენტრში მოგლიჯა რამდენიმე მრავალწლოვანი ხე, რომელმაც წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ წუთებში მაღრაანში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბაბანეურში, ქარსაცავ ზოლში, მოგლეჯილია რამდენიმე ალვის ხე. სპეციალური კომისია ზარალისაგან მიყენებულ ზარალს დაითვლის. ზარალის ანაზღაურება მალევე დაიწყება“, – განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები თელავშიც გადახადა. სტიქიის გამო კახეთში 17 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს თელავის, ახმეტის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ნაწილს.