ქარიშხალმა თელავის სოფლებში ელექტროსადენები და ხეები დაგლიჯა
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ფშაველში, ლალისყურში, ჯუღაანში, ართანაში, კურდღელაურსა და შალაურში. როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე შათირიშვილმა განუცხადა, სპეციალური კომისია სოფლებში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლის.
,,სტიქიამ, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. რამდენიმე სოფელში სახლებს სახურავები გადახადა. ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა სოფელ ფშაველს, ლალისყურს, ჯუღაანს და ართანას. სახლის სახურავები, ასევე, დაზიანებულია სოფელ კურდღელაურსა და შალაურში. როცა გვეცოდინება რა სახის ზარალი მიადგა სოფლებს, ჩვენი სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ საჭირო თანხას და საცხოვრებელი სახლების გადახურვაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით. ამ სოფლებში არის ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, რადგან ქარმა სადენები დაწყვიტა და ხეები დაგლიჯა. ჩვენი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოწოდება დღის ბოლომდე აღდგება,’’- განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
გუშინ საღამოს ძლიერმა ქარმა მრავალწოვანი ხეები დაგლიჯა და საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახმეტაშიც გადახადა. სტიქიის გამო კახეთში 17 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს თელავის, ახმეტის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ნაწილს.