ახალი ამბები

თელავში სტიქიამ ავტომანქანები დააზიანა

როგორც knews.ge-ს აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებმა ზაზა ლაჩაშვილი განუცხადა, სტიქიამ, რომელიც რამდენიმე წუთი გაგრძელდა, მოსახლეობას ფინანსური ზარალი მიაყენა.
,,ქარი რომ ამოვარდა სახლში ფეხით მოვდიოდი, მანქანა კი ავტოფარეხში მქონდა გაჩერებული. კორპუსს სახურავი მთლიანად ახადა და გაჩერებულ მანქანებებს დაეცა. დაზიანდა ჩემი ავტოფარეხის კარი და შიგნით მდგომი მანქანა. კარგი იქნება, თუ დახმარებას გაგვიწევენ და ზარალს აგვინაზღაურებენ“, – განუცხადა Knews.ge-ს ზაზა ლაჩაშვილმა.
თელავში სტიქიიისაგან მიყენებული ზარალის შესწავლა დილიდან დაიწყო. თელავის ვიცე მერის თენგიზ მთვარელიშვილის განცხადებით, სპეციალური კომისია ინფრასტრუქტურული კუთხით მიყენებულ ზარალს შესწავლის და ხარჯთაღრიცხვას შეადგენს, რის შემდეგაც გადახდილი სახურავების გადახურვის სამუშაოები დაიწყება.
,,სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით დღესვე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. დილიდან მუშავდება ხარჯთაღრიცხვის ნაწილი მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის გამოსარკვევად,’’– განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ძლიერმა ქარმა ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე ორ საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა. ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებში კი ქარიშხალმა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენი ბოძები დაგლიჯა. კახეთში 17 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს თელავის, ახმეტის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ნაწილს. სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურებიც დააზიანა.