ახალი ამბები

კახეთში 17 000 აბონენტი ელეტქროენერგიის გარეშეა დარჩენილი

როგორც კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ knews.ge-ს განუცხადა, ენერგომომარაგება შეწყვეტილი აქვს თელავის, ახმეტის, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ნაწილს. 
“გუშინ ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რომელმაც ენერგომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია. ამ დროისათვის ელექტროენერგიის მოწოდება შეყვეტილი აქვს თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილს, ახმეტის მუნიციპალიტეტს, გურჯაანის რაიონის ორ მაღალმთიან სოფელს და ლაგოდეხის რამდენიმე სოფელს. იმ უბნებზე, სადაც დაზიანებაა, ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები დილის 7 საათიდან არიან გასულები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ. სამუშაოები დაახლოებით საღამოს 5 საათისათვის დასრულდება და ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ელეტქროენერგიის მიწოდება დაუყოვნებლივ აღუდგებათ “, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ბარამიძემ. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძლიერმა ქარმა თელავში, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე მდებარე, ორ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, თუმცა არავინ დაშავებულა. სტიქია დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სტიქიის ზონაში ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყეს. თელავის მერიის ინფორმაციით, სპეციალური კომისია ინფრასტრუქტურული კუთხით მიყენებულ ზარალს შესწავლის, ხარჯთაღრიცხვას შეადგენს და გადახდილი კორპუსების გადახურვის სამუშაოები დღესვე დაიწყება.