ახალი ამბები

ლაგოდეხის გამგეობა 60 000 ლარს ახალი ავტომანქანების შესაძენად დახარჯავს

გამგებელმა კახა ჯამბურიამ საკრებულოს ახალი ავტომობილების შეძენის მოთხოვნით მიმართა. წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატების უმრავლესობამ კი მუნიციპალიტეტის პირველი პირის წინადადებას მხარი დაუჭირა. 

ჯამბურიას განმარტებით, გამგეობისა და საკრებულოს სრულფასოვანი მუშაობისათვის საჭიროა 12 ავტომობილი, თუმცა საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობის გამო 4 ან 5 ავტომანქანას შეიძენენ. მისივე თქმით, დღეს არსებული ავტომობილები ამორტიზირებულ მდგომარეობაში და მათი შენახვა ბიუჯეტს ყოველწლიურად გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე ახლების შესყიდვა. შეძენილი მანქანებიდან ერთი ახალი ავტომობილით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილდებიან საკრებულოს თანამშრომლები, ხოლო დანარჩენით კი ისარგებლებენ გამგეობაში დასაქმებული პირები. 

„მუნიციპალიტეტში ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ავტომობილებთან დაკავშირებით. წინა ხელისუფლებამ 2 ავტომობილი გაასხვისა, ერთი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში გადასცა. 1 ავტომობილი ასე თუ ისე კარგ მდგომარეობაშია და საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილია მეორე. ზედამხედველობის სამსახურს 3 ცალი ჰყავს უაზი, რომელთა შეკეთებაც რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ ძალიან მალე გამოდის მყობრიდან. ამ სამსახურს ძალიან უჭირს ამ ავტომობილებით გადაადგილება. თან ძალიან დიდ საწვავს მოიხმარს. მათი შენახვა ძვირი უჯდება ბიუჯეტს. მუნიციპალიტეტმა რომ იფუნქციონიროს და შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, 12 ავტომობილი გვჭირდება. იქიდან გამომდინარე რომ ჭარბი სახსრები არ გვაქვს და თანხაში შეზღუდულები ვართ, ვფიქრობთ 4 ან 5 ავტომობილის შეძენას. ეს დამოკიდებული იქნება ავტომანქანის ფასზე. 120 000-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა მუნიციპალიტეტმა. ამ პროექტებს სჭირდება თავისი დაგეგმარება და ადგილზე მონიტორინგი, რათა სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს“, – განუცხადა knews.ge-ს კახა ჯამბურიამ. 
მუნიციპალური ავტომობილების შეძენას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ვახტანგ დევიძის განცხადებით, საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიური ვითარების ფონზე ხელისუფლებამ ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად უნდა შეამციროს და პირად კომფორტზე არ უნდა იზრუნოს. დევიძემ საკრებულოს გადაწყვეტილებას „თავხედური“ უწოდა.