ახალი ამბები

თელავის თეატრის მსახიობებმა “საუკეთესო თეატრალური ქმნილებების” კონკურსის 5 ნომინაციაში გაიმარჯვეს

საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლისთვის მსახიობი ვანო იანტბელიძე, სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ადამის როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა. ამავე სპექტაკლში ევას როლის შესრულებისთვის, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის ტიტული მანანა აბრამიშვილს, მიენიჭა. ასევე საუკეთესოდ შესრულებული მეორე პლანის როლზე ზურაბ ლომიძე, ლიჰტის როლის შესრულებისთვის და ეთერ დეისაძე, ბრიგიტას როლის შესრულებისთვის დასახელდნენ.
საუკეთესო სცენოგრაფიისთვის კი მირიან შველიძე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, სცენოგრაფიისთვის დაჯილდოვდა.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მერიაში აცხადებენ, რომ საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის მიერ გამართულ ყოველწლიურ კონკურსზე სპექტაკლმა „ვინ გატეხა ქოთანი?!“ დიდი მოწონება დაიმსახურა. 
,,სპექტაკლი „ვინ გატეხა ქოთანი?“ იღბლიანი გამოდგა ჩვენი თეატრისა და მისი მონაწილეებისათვის. ეს არის ყოველწლიური კონკურსი, რომელსაც ატარებს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი როგორც წლის შეჯამებას. კონკურსის ფარგლებში საქართველოს თეატრების მიერ სხვადახვა ნომინაციებზე ხდება იმ ნამუშევრების წარდგენა, რაზეც მან წლის მანძლზე იმუშავა. 
წარდგენილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური ნახულობს და ხდება შერჩევა. სასიხარულოა, რომ წელს საუკეთესოთა შორის ხუთი ნომინაცია ჩვენი აღმოჩნდა რაც იმას ნიშნავს, რომ სპექტაკლმა გაიმარჯვა. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კონკურსში მონაწილეობს როგორც რეგიონის, ასევე დედაქალაქის თეატრები, კონკურენცია უფრო იზრდება.
მინდა ავღნიშნო, რომ მსახიობ ვანო იანტბელიძესთვის, რომელიც ამ კონკურსში საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლად დასახელდა, ეს უკვე მეორე პროფესიული ჯილდოა მოსამართლე ადამის როლისათვის – გასულ წელს მან ჯილდო „დურუჯიც“ მიიღო. ვულოცავ თელავის თეატრს ამ წარმატებას’’,- განუცხადა Knews.ge-ს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.