ახალი ამბები

შირაქის ველზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დამრღვევები დაჯარიმდებიან

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შირაქის ველზე გაჩენილი ხანძრების გამო, განადგურდა არსებული ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი. დაიწვა როგორც ძველი ქარსაფარები, ასევე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ნარგავები.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა “ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში” გერმანიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ქარსაფარი ზოლების აღდგენის საცდელ-სამოდელო პროექტს.

აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე 66 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი აღადგინეს. პროექტის თანამშრომლების პირველადი ვიზუალური შეფასებით, აღდგენილი ქარსაფარების 90 % -მდე განადგურდა. 

“ტყეში ხანძრის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა, შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ინფორმირება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, ტყეში სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრის ჩაქრობის საკითხებზე. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ტყის ხანძრებისაგან დაცვის საერთო მოთხოვნები. კერძოდ, ნუ გადააგდებთ ანთებული სიგარეტის ნამწვს; ნუ დატოვებთ ტყეში ადვილად აალებად ნივთიერებებს; ნუ დატოვებთ კოცონს უყურადღებოდ; გაფრთხილებთ, რომ ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას კანონის შესაბამისად”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.