თელავში უეფას სუპერთასი ჩამოიტანეს
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, თასების თელავში ჩამოტანა ქალაქის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
,,თასების აქ ჩამოტანა არის ნამდვილი საჩუქარი ფეხბურთის მოყვარულებისთვის. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვანია ქალაქის და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ თელაველებს”,- განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.
2015 წლის 11 აგვისტოს თბილისი ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს. უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები თბილისში სეზონის დასკვნით მატჩში უეფას სუპერ თასის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თასები სუპერ თასთან ერთად ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლის.
,,მნიშვნელოვანია, რომ ამ თასებს თელავი მასპინძლობს და ფეხბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ და გადაიღონ ფოტოები. გვიხარია, რომ დღეს თელაველები აქტიურობენ”,- განუცხადა Knews.ge-ს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თათა ბურდულმა.