ახალი ამბები

12 საჯარო მოხელე შესაძლოა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გაათავისუფლონ

კომისიის თავმჯდომარის, გოდერძი ბარბაქაძის განცხადებით, 12 საჯარო მოხელე დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება, ხოლო 5 მოხელეზე კი კვალიფიკაციის ამაღლების რეკომენდაცია გაიცა. 
„საჯარო მოხელისათვის გასაუბრებაზე მინიმუმ 20 წუთი იყო გამოყოფილი. 10 წუთი ზეპირი გასაუბრება მიმდინარეობდა, ხოლო 10 წუთის განმავლობაში საჯარო მოხელეები მუშაობდნენ კომპიუტერთან, სადაც მათ უნდა გამოემჟღავნებინათ შესაბამისი უნარები. სამუშაოს მიხედვით კომპიუტერში იყო ბილეთები, სადაც იყო კითხვა და უნდა გაეცა პასუხი. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რაშიც კომისია მათ ქულას ანიჭებს. 12-მა საჯარო მოხელემ ეს და სხვა მოთხოვნები ვერ დააკამაყოფილა. შესაძლებელია, გამგებელმა მათ სასარგებლოთ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს, შესაძლებელია გაათავისუფლოს კიდეც. ისიც შესაძლებელია, რომ მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იფიქროს. ეს გამგებლის გადასაწყვეტია. 5 საჯარო მოხელეზე კი გამგებელს მივეცით რეკომენდაცია, რომ მათ კვალიფიკაცია აიმაღლონ“, – განუცხადა Knews.ge-ს გოდერძი ბარბაქაძემ. 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას განცხადებით, ის გაეცნობა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გათავისუფლდებიან თუ არა საჯარო მოხელეები დაკავებული თანამდებობებიდან. 
კანონმდებლობით, საჯარო მოხელეებს გასაუბრების შედეგების გასაჩივრება 2 დღის განმავლობაში შეუძლიათ, ხოლო გამგებელმა გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს. 
საჯარო მოხელეები კომისიის დასკვნის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარისაგან თავს იკავებენ.