ახალი ამბები

რადიო ჰერეთი თბილისში მაუწყებლობას დაიწყებს

ლიცენზია ახალი ამბების, თოქ-შოუების და გასართობი პროგრამების წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

“რადიოსადგურმა 8 წლიანი ბრძოლის შემდეგ სამართლიანად მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია. ჩვენ აქ ვართ იმისათვის რომ აღდგეს სამართლიანობა” – განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ.

რადიო ჰერეთისთვის თბილისში ლიცენზიის მიღებას საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ოთხმა წევრმა: კახი ბექაურმა, მერაბ ქათამაძემ, გიორგი ფრუიძემ და თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ ერთხმად დაუჭირა მხარი. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა მეხუთე წევრი ელისო ასანიძე.

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი”, მეჩვიდმეტე წელია მედიაბაზარზეა და წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ჯგუფს საქართველოში, რომელიც 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა. “ჰერეთის” დაფარვის ზონა ტალღაზე FM102.8 ამჟამად კახეთის რეგიონის 90%-ს მოიცავს. დაფარვის არეალში ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრებია. რადიოსადგური ქალაქ ლაგოდეხშია ბაზირებული, გააჩნია თბილისის მარკეტინგული ოფისიც. ამჟამად ჰერეთში სრულ შტატზე 16 თანამშრომელია დასაქმებული. სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია პროფესიით მედია მენეჯერი, რამაზ სამხარაძე.

რამაზ სამხარაძეს თქმით, “ჰერეთის” დამფუძნებლებს წლების განმავლობაში ურთულეს პირობებში უწევდათ დამოუკიდებელი რადიოსადგურის შექმნა და განვითარება, თუმცა რადიოს თანამშრომელთა გუნდურობამ “ჰერეთი” განვთარების ახალ ეტაპებზე გადაიყვანა. მისივე განმარტებით, ახალი რადიოსადგური თბილისის მსენელისთვის შეიქმნება და კოოპერირებულად იმუშავებს კახეთის ოფისთან ერთად.

,,კმაყოფილი ვარ, ახლა დავბრუნდი კომისიის სხდომიდან, სადაც მისმა ოთხმა წევრმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ჰერეთის თბილისში მაუწყებლობას. ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იყო ახალი კომისიის შემადგენლობიდან. მათ განაცხადეს, რომ ისინი იმყოფებიან იმისთვის რომ აღდგეს სამართლიანობა, და ჰერეთი იმსახურებს თბილისში მაუწყებლობას იმ ბრძოლების შემდეგ, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გადავიტანეთ. რაც შეეხება რადიოსადგურს და მის მაუწყებლობას, ჩვენ თბილისში ძალიან მალე დავიწყებთ საცდელ მაუწყებლობას, ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის რადიოსადგური. კახეთის ბაზრისგან განსხვავებით ჩვენ თბილისში გვექნება ახალი რადიოსადგური, როელიც იქნება თბილისის ბაზარზე ორიენტირებული’’,- განუცხადა Knews.ge-ს რამაზ სამხარაძემ.