ახალი ამბები

ჩინეთში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

ოთარ დანელიამ ქართული ღვინის სახლის გახსნაზე განაცხადა, რომ საქართველოდან ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან, 93%-ს ღვინო შეადგენს. ჩინეთში ბოლო წლების მანძილზე 1 მლნ ლიტრამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე საქართველოდან ჩინეთში 100 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტის განხორციელება იგეგმება. მისივე თქმით, აგვისტოში ქართული ღვინის ექსპორტით დაინტერესებული 20-მდე ჩინელი ბიზნესმენი საქართველოში ჩამოვა და ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდებიან.
„ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი უნიკალურობით. საქართველოში იწარმოება 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და 1 გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტი ჭაჭა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება გამომდინარე იქიდან, რომ ღვინო ქართული კულტურის და ისტორიის ნაწილია, მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. ჩვენ შეგვიძლია ჩინელ მომხმარებელს თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოების ფართო არჩევანი შევთავაზოთ. როგორც ჩვენ ორგანიზატორებმა გვითხრეს, ჩინელი ხალხის მხრიდან დიდია დაინტერესება. ისინი მოდიან და ეცნობიან ქართულ ღვინოს. აბსოლუტურად ყველას აქვს სასიამოვნოდ გაკვირვებული რეაქცია, ვინაიდან არ ელოდნენ ასეთ პოპულარიზაციას ამ ქვეყანაში. მისასალმებელია, რომ ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. იმედი გვაქვს, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური გახდება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ქართული ღვინის სახლი ჩინელმა ბიზნესმენმა ჰია ოჯუნიმ გახსნა. იგი 13 წელია ჩინეთ-საქართველოს შორის ტვირთების გადაზიდვის ბიზნესით არის დაკავებული. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინის სახლის გახსნა ქართული ღვინის უნიკალურობამ და გამორჩეულმა საგემოვნო თვისებებმა გადააწყვეტინა. ჰია ოჯუნის განცხადებით, ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინელი ბიზნესმენი მომავალში ანალოგიური ტიპის ქართული ღვინის სახლების გახსნას ჩინეთის დიდ ქალაქებში – ხანჯოუ, ჯინჯოუ, ნიანჯოუსა და შანხაიშიც გეგმავს. ჰია ოჯუნი აპირებს ქართული ღვინის მუზეუმის გახსნასაც, სადაც თანამემამულეებს ქართულ ვაზისა და ღვინის ისტორიას და კულტურას უკეთ გააცნობს. 

ქართული ღვინის სახლის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ჩინელი ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.