მიკრო-მეწარმეების კონკურსი დაიწყო
კონკურსზე განაცხადების მიიღება დაიწყო და გაგრძელდება 15 სექტემბრამდე, რის შემდეგაც კომპეტენტური ჟიური დეტალურად გაეცნობა თითოეულ განაცხადს და ნოემბრის ბოლოს 2015 წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმეს გამოავლენს. გამარჯვებულები ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმე; წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრო-მეწარმე; წლის საუკეთესო ქალი მიკრო-მეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრო-მეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრო-მეწარმე. გალა ღონისძიება გაიმართება ნოემბრის ბოლოს, სადაც გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდებიან. პროექტის საპრიზო ფონდი შეადგენს 15 000 ლარს, რომელიც ხუთ გამარჯვებულს შორის გადანაწილდება. წლის საუკეთესო მიკრო-მეწარმე 5 000 ლარით დაჯილდოვდება.
კონკურსის ფარგლებში მიკრო-მეწარმე გულისხმობს ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მის მიერ ორგანიზებული საქმე (ბიზნესი) ან კომპანიის მფლობელს, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 10-მდე ადამიანი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიკრო-მეწარმეებს, რომლებიც არიან ან წარსულში ყოფილან საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ფინანსური ორგანიზაციების მსესხებლები.
„მიკრო-მეწარმეების კონკურსში“ მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ პროექტის ოფიციალურ გვერდზე award.microfinance.ge-ზე განთავსებული განაცხადის ფორმის მეშვეობით. კონკურსანტები აქვე მიიღებენ სრულ ინფორმაციას კონკურსის პირობებისა და აპლიკაციის შეტანის წესის შესახებ.
„მიკრო-მეწარმეების კონკურსი 2015“ – წელს პირველად ტარდება. პროექტი ხორციელდება პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.