“ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

დადგინდა ყურძნის გადამუშავებისა და ექსპორტისას გასათვალისწინებელი სერტიფიცირების წესები და მოთხოვნები; აისახა ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ქართული ღვინის წარმოებისა და ექსპორტისას დადგენილი ძირითადი მოთხოვნები და დადგინდა შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის სერტიფიცირებისათვის საჭირო წესი.
როგორც საკითხის განხილვისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ვინაიდან, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი UNESCO არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში მოხვდა და ამავდროულად, ქვევრის ღვინისა და ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოების პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, კლასიფიკაციას დაემატა “ქვევრის ღვინის” კატეგორია. გარდა ამისა, შემოვიდა “ქარვისფერი” ღვინის და ცქრიალა ღვინის კატეგორიები.
ცვლილებით დადგინდა ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის 4 პროდუქტი: ბრენდი, ჭაჭის არაყი, ყურძნის არაყი და მაგარი სასმელი. განიმარტა ნეიტრალური (რექტიფიცირებული) სპირტი, რომლის გამოყენებაც ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებისას (გარდა მაგარი სასმელისა) დაუშვებელია.
კანონპროექტით განისაზღვრა ბრენდის კატეგორიები დავარგების ასაკის მიხედვით, კერძოდ ჩამოყალიბდეს ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები: ახალგაზრდა ღვინის ბრენდი, დავარგებული ღვინის ბრენდი, ღვინის ბრენდი ძველი, ღვინის ბრენდი ძალიან ძველი.
ვინაიდან კანონის მოქმედი რედაქცია მხოლოდ საქართველოში წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტირების წესს ადგენდა, ცვლილებების პროექტმა გაითვალისწინა OIV-ის, ევროკავშირისა და WWTG-ის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული წესი და განსაზღვრა პროდუქციის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ნორმები.
პროექტით განისაზღვრა ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ეტიკეტირების წესი. ცვლილება შევიდა კანონის იმ მუხლებში, რომლითაც რეგულირდება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ექსპორტთან, იმპორტთან, ადგილობრივ ბაზარზე განთავსებასთან, სერტიფიცირებასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ცვლილებების ინიცირება, რაც ხელი შეუწყობს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარებას, ადგილობრივი მრავალსაუკუნოვანი ქართული ვაზის ჯიშების, მეღვინეობის ქართული ტრადიციული მეთოდების გავრცელებასა და პოპულარიზაციას, მაღალხარისხიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, საქართველოში ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნებასა და ზრდას.
გარდა ამისა, ცვლილბები შედის “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რომლის მიხედვით, სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე სამომხმარებლო ბაზარზე ბრენდის ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის რეალიზაცია გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ნფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.