ახალი ამბები

ბრაკონიერებმა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებთან ქურციკი მოკლეს

პოლიციას დამნაშავე ამ დრომდე ვერ დაუკავებია. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მონიტორინგის ჯგუფის წევრის, ამირან კოდიაშვილის განცხადებით, ჯეირანი წითელ წიგნშია შეტანილი. 2009 წელს აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს აჩუქა 28 ქურციკი, რომლებიც დედოფლისწყაროში გაუშვეს.
„გვაქვს სრული საფუძველი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანმა გააკეთა. ბუნებრივი ჩვენ არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა. ველოდებოდით, რომ პოლიცია ქმედიოთ ღონისძიებებს განახორციელებდა. და გამოიძიებდა ამ საკითხს. ფაქტობრივად თვეზე მეტი გავიდა. ჯერჯერობით პოლიცია მტკიცებულებები არ აქვს. თავად საზოგადოების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი. თუ საზოგადოება არ ჩაერთო, სახელმწიფო ინსტიტუციები ვერ უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ განვითარებას“, – განაცხადა ამირან კოდიაშვილმა.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვასილ ფიროსმანაშვილი აცხადებს, რომ ქურციკების გადაადგილება კონტროლდება ცხოველის კისერზე დამაგრებული სპეციალური სატელიტური გადამცემების საშუალებით, რომელიც ყოველ 12 საათში ერთხელ გადასცემს იმპულსს. ფიროსმანაშვილის მტკიცებით, სატელიტთან კავშირი სწორედ 27 იანვარს გაწყდა. მან ჯეირანის მოკვლის ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თებერვალს აცნობა. 

„ვინაიდან კავშირი აღარ იყო, ჩავთვალეთ, რომ ჯეირანტან დაკავშირებით რაღაც შემთხვევა მოხდა. 30 იანვარს პოლიციას წერილით მივმართე. პლოიციამ დაიწყო გამოძიება. ჯეირანის გადაადგილება ყოველდღიურად ფიქსირდება. ჩვეულებრივი საიტია, სადაც კოდის მეშვეობით შევდივარ და ყოველდღიურად ვნახულობ, ჯეირანი სად მოძრაობს. ჯეირანი სადმე რომ წასულიყო, მაშინ სატელიტი ხომ უნდა მუშაობდეს. სატელიტი აღარ მუშაობს. იმან, ვინც ჯეირანი მოკლეა, ალბათ სატელიტი გააფუჭა“, – აღნიშნა ვასილ ფიროსმანაშვილმა. 

შსს-ში განმარტებს, რომ საქმეზე მოკვლევას დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც უკანონო ნადირობას გულისხმობს. ნადირობა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველთა სამყაროს ობიექტზე ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე დადგენილია. საგამოძიებო ორგანო მას ბრალს საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ წაუყენებს. 
2009 წლიდან ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე „ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და თურქეთის გარემოს დაცვისა და სატყეო სამინისტროს ხელშეწყობითა და გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) WWF ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაშენებული ქურციკების პოპულაციის აღდგენას ისახავს მიზნად. 
ქურციკი წყვილჩლიქოსანი ცხოველია და ძროხისებრთა ოჯახს განეკუთვნება. ჯეირანის სხეულის სიგრძე 95-115 სმ-ია და მასა 33 კგ-ს აღწევს. წითელ წიგნში შეტანილი ცხოველი გავრცელებულია მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიისუდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში. წარსულში ქურციკი საქართველოს ტერიტორიაზე მცირე რაოდენობით გვხვდებოდა შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში. ის საკმაოდ ბევრი იყო გარდაბნისა და სამგორის ველებზე, სადაც უწესრიგო ნადირობის შედეგად გადაშენდა. 1,5 წლის ქურციკი უკვე ზრდასრულია. მისი მაკეობა 5 – 5,5 თვეს გრძელდება. აპრილ-მაისში ის შობს ერთ ან ორ თიკანს. ჯეირანი ძირითადად ბალახეულით იკვებება. ჯეირანი გვხვდება ირანში, სომხეთში, ავღანეთში, პაკისტანში, მონღოლეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში,ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში.