ახალი ამბები

თესაუს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 4 კანდიდატი იბრძოლებს

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანეს თესაუს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა შიოშვილმა, თელავის უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი გოცირიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა, თეიმურაზ ქორთუამ და ბესიკ სეხნიაიძემ. 

ირმა შიოშვილი თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 2013 წლის 8 ნოემბერსაც მონაწილეობდა. მაშინ შიოშვილმა აკადემიური საბჭოს 2 წევრის ხმა მიიღო. გიორგი გოცირიძე კი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორია, რომელიც თანამდებობიდან 8 სექტემბერს გადადგა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, გოცირიძე თანამდებობიდან გადადგომამდე წინა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თეიმურაზ ქორთუა თესაუს ყოფილი რექტორის, ნიკოლოზ ქორთუას შვილია, რომელიც უმაღლეს სასწავლებელს 1954-1984 წლებში ხელმძღვანელობდა. უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური საბჭო კი ახალ რექტორს ზუსტად ერთ კვირაში, 20 მარტს აირჩევს. 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 5 თებერვალს გამოაცხადა. 
“კომისიამ უკვე დაასრულა საბუთების მიღება. დღეს შეიკრიბება საარჩევნო კომისია, გაეცნობა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან და მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ“ – განაცხადა თესაუს იურიდიული სამსახურის უფროსმა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯუმბერ მაილაშვილმა.

თელავის უნივერსიტეტის პირველი პირის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უმაღლესი სასწავლების რექტორს, ავთანდილ ღელაღუტაშვილს აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავთანდილ ღელაღუტაშვილის მიერ 2009 წელს მიღებული დოქტორის ხარისხის შემოწმებისას საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობის შეუსაბამობამ გამოიწვია. თავის მხრივ ღელაღუტაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ღელაღუტაშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრმა უკანანო გადაწყვეტილება მიიღო და ეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ იმიჯისშემლახავი კამპანიის ნაწილია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის რექტორს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული პირის ხარისხი უნდა ჰქონდეს. ავთანდილ ღელაღუტაშვილს უფლებამოსილების ვადა 2017 წელს უმთავრდებოდა. ღელაღუტაშვილი თესაუს რექტორად 2013 წლის 8 ნოემბერს აირჩიეს.