ახალი ამბები

24 წლის შშმ გოგონას კუთვნილი პენსიის მიღება შეუჩერდა

 მას არც წერა-კითხვა არ შეუძლია. ნატომ ხელი ვერ მოაწერა საბუთს, რომელიც დედის მეურვედ დანიშვნას ითვალისწინებდა. სწორედ ამ მიზეზის გამო დარჩა ნატო პენსიის გარეშე. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და შშმ გოგონასათვის აუცილებელ მედიკამენტებს ვერ ყიდულობს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელებს.

„როდესაც მივედი და სმარტი ბარათი გაატარეს ტერმინალზე, მითხრეს, რომ პენსია დარიცხულია, მაგრამ შეჩერებულია იმის გამო, რომ უნდა ჰქონდეს სასამართლოს გჰადაწყვეტილება მეურვის დანიშვნის შესახებ. ამას იმისი უფლება არ ჰქონდა, რომ იმ საბუთზე მე ამის მეურვედ ვყოფილიყავი? ასე მითხრეს, რომ რაღაცა საბუთი შევავსოთ, გავიტანოთ და ხელი მოვაწერინოთო. მე ვუთხარი, რომ ამას წერა-კითხვა არ შეეძლო. მაშინ ვერ აღვუდგენთ პენსიასო“, – განაცხადა ნატოს დედამ, ნინო ნანობაშვილმა.

მისი განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა გოგონას ფსიქიკური და გონებრივი მდგომარეობა შეამოწმეს, თუმცა ნატო ნანობაშვილის ოჯახს დასკვნა ამ დრომდე არ მიუღია. ტელეკომპანია „გურჯაანის“ ინფორმაციით, ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული ოფიციალური პასუხის შემდეგ გადაწყდება დედის მეურვედ დანიშვნისა და შშმ გოგონასათვის კუთვნილი პენსიის აღდგენის საკითხები.

„ველოდებოდი სასამართლოს, რომელიც გაიმართა 8 იანვარს. მოთხოვნილი მქონდა, როიმ სამხარაულის ექსპერტიზა ბინაზე უნდა მოსულიყო. მერე 1=დამირეკეს. სადღაც 12 თუ 13 თებერვალი იყო. მითხრეს, რომ უნდა მიმეყვანა ყვარელში სასამართლოსთან. წავიყვანე მანქანით. იქ უბრალოდ შეხედეს. პასუხი 10 დღეში უნდა ყოფილიყო. არც ის ვიცი დამნიშნეს თუ არა ამის მეურვედ“, – აღნიშნა ნანობაშვილმა.

გურჯაანის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ ნატო ნანობაშვილის კიუთვნილი დახმარება იმ შემთხვევაში დაენიშნება, თუ სასამართლო გოგონას ქმედუუნაროდ სცნობს. უწყების ხელმძღვანელი ლალი მურაკაშვილი აცხადებს, რომ მეურვის დანიშვნის შემდეგ ბენეფიციარს გაცდენილი თვეების პენსიაც მიეცემა.

„იმისათვის, რომ გოგონას უფლებამოსილება მისმა მეურვემ განახორციელოს, საჭიროა ის სასამართლომ ქმედუუნარო პირად აღიაროს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მას დაენიშნება მეურვე, რომელიც თავიდან ბოლომდე უფლებამოსილი იქნება, მისი საქმე აწარმოოს. იმასა განვმარტავ, რომ ბენეფიციარს არანაიარი პენსია არ დაეკარგება. როგორც კი მას მეურვე დაენიშნება, შეჩერების დღიდან მიიღებს მთლიან თანხა“, – განმარტა გურჯაანის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლალი მურაკაშვილმა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მოსამართლის თანამშემწის მოთხოვნით ფსიქოლოგიურმა დეპარტამენტმა ნატო ნანობაშვილი 16 თებერვალს შეამოწმა. ექსპერტიზას მზად აქვს გოგონას ფსიქიკური და გონებრივი მდგომარეობის შესახებ დასკვნა, რომელიც სასამართლომ უნდა გამოითხოვოს.