ახალი ამბები

ირაკლი ალასანია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარედ აირჩიეს

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარედ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აირჩიეს. იგი, პარტიის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა ერთხმად, 2038 ხმით დამტკიცდა.

ყრილობაზე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა.  მისი განცხადებით, რაც მეტი ლიბერალი იქნება პოლიტიკური ბრძოლის ველზე, უკეთესია: ,,ჩვენ ვრჩებით პარტნიორები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყარა. ჩვენი ღირებულებები არის მგსავსი და ეს ყველაფერი იქნება სათავე იმისა, რომ ჩვენ მოვახერხებთ პროდუქტიურ თანამშრომლობას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე “თავისუფალ დემოკრატებში” გადავიდა. იგი, პარტიის გამგეობის წევრი იქნება.  შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა იგი ყრილობას არ დაესწრო.

ალასანიას განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატები” სიბრძნით და სიმტკიცით გააგრძელებენ იდეალების დაცვას: ,,გვჭირდება სიმტკიცით გავაგრძელოთ გზა ამ ღირებულებების დაცვისკენ. როდესაც დავინახეთ, რომ აქ შეიძლება საფრთხე შეექმნას საქართველოს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე მოხდეს ჩრდილის მიყენება, ამას არ დავუშვებთ, რადგან ჩვენი შვილებისთვის გვინდა ისეთი საქართველო, რომელიც იქნება დაცული და კანონებით მართული. ჩვენთვის მთავარია ერთმანეთის პატივისცემა. გპირდებით, მოვივლით მთელ საქართველოს ყველა ოჯახს, ყველა რაიონს და მათთან საუბრის შედეგად შევქმნით ჩვენი ქვეყნის განვითარების გეგმას, რომელსაც მოვარგებთ ყველა რეგიონის სპეციფიკას”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.