ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოში გოჭების დაკვლას არ კრძალავს

 თუმცა, ევროგაერთიანების კანონმდებლობა ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს აწესებს, რისი დაცვაც წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულოა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპრტამენტის უფროსი გიგა ქურდოვანიძე: „ერთ წლამდე გოჭის დაკვლის აკრძალვას ევროკავშირი საქართველოსგან არც არაოფიციალურად და მითუმეტეს, არც საკანონმდებლო დონეზე არ ითხოვს. ამ ასაკის ღორების საკვებად გამოყენებაზე შეზღუდვა არა თუ ევროკავშირში, არამედ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება. 1 წლამდე გოჭების დაკვლის აკრძალვის საკითხი საქართველოს ხელისუფლებაში არც აქამდე განიხილებოდა და არც მომავალში განიხილება“.

ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონები ევროკავშირის კანონმდებლობას 2020 წლამდე უნდა დაუახლოვდეს. ცხოველთა კეთილდღეობის ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქართული კანონმდებლობა და სატანდარტები სამი მიმართულებით უნდა შემუშავდეს: 1. ცხოველთა გაბრუება და დაკვლა, 2. ცხოველთა ტრანსპორტირება და სხვა მსგავსი ქმედებები, 3. ცხოველთა ფერმების მოწყობა.

სოფლის მეურნეობის სფეროში საკანონმდებლო მიახლოება დაწყებულია და საქართველოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის გარდა მიახლოებულია კიდევ ექვსი ნორმატიული აქტი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-101 (2011 წლის 4 ივლისი) ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ იმ ნორმატიულ აქტებში შედის, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებულია. ეს ბრძანება 14 დღეზე ნაკლები ასაკის ცხოველის დაკვლას კრძალავს. (საქართველოს მთავრობის 444-ე დადგენილებაშიც დასაკლავი ცხოველის მინიმალური ასაკი 14 დღით არის განსაზღვრული). ეს არის ერთადერთი შეზღუდვა და სხვა აკრძალვა დასაკლავი პირუტყვის ასაკზე ქართულ კანონმდებლობაში არ გვხვდება. იმის გამო, რომ ეს საკანონმდებლო აქტი ევროგაერთიანების ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაშია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეზღუდვა 1 წლამდე გოჭების დაკვლაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არ მოქმედებს.