სტატიები

პარლამენტი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე საკანონმდებლო პაკეტს დღეს კენჭს უყრის

პარლამენტი დღეს, პირველი მოსმენით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას შეეცდება.  ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ახალ რეგულაციებს აწესებს, პირველი მოსმენით 16 მაისის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, მაგრამ კენჭი ვერ უყარეს, რადგან პარლამენტში კვორუმი არ შედგა. პლენარული სხდომა კენჭისყრის ჩასატარებლად 29 მაისისთვის დაინიშნა.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებები რამდენიმე კანონში: “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ” კანონში, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”, “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონში და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში შედის.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ყველა მნიშვნელოვან პრინციპსა და რეგულაციაზე შეთანხმება მიღწეულია და ღიად მხოლოდ ერთი საკითხი რჩება – ვის ხელში უნდა იყოს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის “გასაღები”. საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში შეთავაზებული იყო ვარიანტი, რომ “გასაღები” პროვაიდერი კომპანიების ხელში გადასულიყო – კომპანიებს მიეღო სასამართლო განჩინება, თუ ვის მიმართ ხორციელდება ფარული ღონისძიება და იქიდან მომხარიყო შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სამართალდამცავი ორგანოებისათვის. აღნიშნულ ინიციატივაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ფარული ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე დაინახეს. ინიციატივის ამ ფორმით მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნა.
რაც შეეხება კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს, ფარული მიყურადება, თვალთვალი, სატელეფონო მოსმენები და ასე შემდეგ, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია პირადი, პერსონალური ინფორმაციის მოპოვებასთან, სადღეისოდ განსაზღვრულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სახით და მას “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ” კანონი არეგულირებს. პარლამენტში წარდგენილი პაკეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიებები ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სახელით “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” გადადის.
სადღეისოდ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს კონტროლის ეფექტური შესაძლებლობები არ გააჩნია – მას ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ის ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე, შემოწმებისას მან სამი დღით ადრე უნდა აცნობოს უწყებას, რომლის შემოწმებასაც აპირებს და უნდა დაკმაყოფილდეს იმ ინფორმაციით, რასაც მას შემოწმებისთვის გადასცემენ. პარლამენტში წარდგენილი ვარიანტით, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს პარლამენტი ირჩევს. ის ანგარიშვალდებული ხდება პარლამენტის წინაშე და შესაბამისად, მისი მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი უფრო ეფექტური ხდება. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე. შეთავაზებული კანონპროექტით მას უფლება ეძლევა შეამოწმოს ნებისმიერი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაწესებულება, მათ შორის სამართალდამცავი სისტემა, თუ მისი საქმიანობა პერსონალურ მონაცემებს ეხება. ასევე მას შეეძლება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს, მიზანშეწონილად მიჩნეული ორგანიზაცია შეამოწმოს.
გარდა ამისა, მოქმედი კანონით განსაზღვრული არ არის დანაშაულთა კატეგორიები, რომელთა შემთხვევაშიც შეიძლება ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდეს. პროექტით განისაზღვრა დანაშაულთა კატეგორიები და ფარული მოსმენები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განზრახ დანაშაულებზე, განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე. ამ ჩამონათვალს ემატება ის დანაშაულები, რომლებიც კოდექსით არ განეკუთვნებიან განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულს, მაგრამ გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს დაპატიმრების ორდერის ჩარჩო-ხელშეკრულებით, ანუ ევროპული სტანდარტი ითვალისწინებს ამ დანაშაულებს, როგორც მომეტებული საფრთხის მატარებელს და მათ შემთხვევაში პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებს მიზანშეწონილად.
განისაზღვრა ასევე პირთა წრე, თუ ვის მიმართ შეიძლება განხორციელდეს ფარული მოქმედებები. შეთავაზებული კანონპროექტით ეს არის პირი, რომელიც ან პირდაპირ კავშირშია დანაშაულთან, ან პირი რომლის მეშვეობითაც დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი კომუნიკაციას ახორციელებს.
კანონმდებლობით არ არსებობს შეტყობინების ვალდებულება იმ პირისთვის, ვის მიმართაც ფარული საგამოძოებო მოქმედება განხორციელდა. კანონპროექტი შეტყობინების ვალდებულებას აწესებს – ნებისმიერ პირს იქნება ეს სამართალწარმოების მხარე, თუ მესამე პირი, აუცილებლად როდესმე უნდა ეცნობოს, რომ მის მიმართ ფარული ღონისძიება განხორციელდა, ხოლო საკითხს იმის შესახებ, თუ როდის უნდა ეცნობოს, პროკურორი წყვეტს. ამასთან, პროკურორმა აღნიშნული დისკრეცია ბოროტად რომ არ გამოიყენოს, დგინდება შემდეგი პროცედურა: – თუ პროკურორი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რომ შეატყობინოს პირს მის მიმართ ფარული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, მან უნდა მიმართოს სასამართლოს, დაასაბუთოს, რატომ დააზიანებს ასეთი შეტყობინება სამართალწარმოების შემდგომ ინტერესებს და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გაუხანგრძლივოს შეტყობინების ვადა მაქსიმუმ 12-თვით.
შეტყობინების გარდა, პირს უფლება ეძლევა გაასაჩივროს მის მიმართ განხორციელებული ფარული ღონისძიებების კანონიერება და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ უკანონოდ განხორციელდა ფარული ღონისძიება, ეს აჩენს საფუძველს გადაისინჯოს ეს გადაწყვეტილება, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი ამ ღონისძიების შედეგად მიღებული მტკიცებულება და ასევე პირს აძლევს საფუძველს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
გარდა ამისა, რეგლამენტირებული ხდება, ვინ არის ფარული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი – გამოძიების სტადიაზე ეს არის პროკურორი, სასამართლო წარმოების სტადიაზე – სასამართლო, სადაც არის ეს ინფორმაცია. პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება პასუხისმგებელი პირის და პასუხისმგებელი ორგანოს გამოკვეთა.
პროექტით განსაზღვრულია ინფორმაციის განადგურების სამსაფეხურიანი რეჟიმი: ფარული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი პერსონალური ინფორმაცია ექვემდებარება დაუყოვნებლივ განადგურებას, განადგურებას ექვემდებარება გადაუდებელი აუცილებლობით მოპოვებული ე.წ. აღურიცხავი ინფორმაცია და ის ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი. მეორე, ინფორმაცია, რომელიც მტკიცებულებად დაშვებულ იქნა საქმეზე, მაგრამ სამართლწარმოების პროცესში დაუშვებლად იქნა ცნობილი – ასეთი ინფორმაცია შეინახება სასამართლოში დაუშვებელი ინფორმაციის შენახვის რეჟიმით, სამართლწარმოების დასრულებიდან ექვსი თვე. ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს მიერ შეფასდა, რომ საქმე მტკიცებულებად დაერთოს, ის მტკიცებულების შენახვის ვადით შეინახება, რის შემდეგაც უნდა განადგურდეს.
რეგულაცია წესდება განადგურებაზეც – ნადგურდება პროკურორის და იმ მოსამართლის მონაწილეობით, რომელმაც გასცა ნებართვა. დგება ოქმი და ხორციელდება ამ ოქმზე ხელმოწერა. ასევე შემოთავაზებულია სასამართლო რეესტრის შემოღება, სადაც აღირიცხება, რა ღონისძიებები იქნა მოთხოვნილი, რა კატეგორიის საქმეებაზე, რამდენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ასე შემდეგ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განისაზღვრება ისიც, რომ ფარული მოსმენები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უშიშროება, უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი, პროპორციული და უკიდურესი საშუალება – თუ ამ ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის შესაძლებელია სხვა ღონისძიების განხორციელება, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენება არ უნდა მოხდეს.