მოქალაქეები-“პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ”, ამ წარწერით, თელავში, მშვიდობის პარკის გახსნაზე, მერმა ბანერები საკუთარი ხელით აიღო
თელავში, ,,მშვიდობის პარკის” საზეიმო გახსნაზე ბანერები შინაარსით – “პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! – დღეს პარკის გახსნაზე სამოქალქო აქტივისტებმა და საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიიტანეს.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მჭედლიშვილის განმარტებით, მათ სურვილი ჰქონდათ,
იქ მყოფი საზოგადოებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული ხარჯების თაობაზე, კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ.
ადგილზე მყოფმა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ბანერები საკუთარი ხელით აიღო და თანმხლებ პირებს გაატანა.
პარკის საზეიმო გახსნის დროს სიტყვაში გამოსვლისას, თელავის მერს ევროკავშირის დაფინანსება არ უხსენებია. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ ეს გარემოება გამორჩა და განაცხადა, რომ აქტივისტებმა ბანერები პროვოკაციისათვის მიიტანეს.
ამ დროისათვის ადგილზე რჩება მხოლოდ ერთი ბანერი, რომელიც მოგვიანებით, მერიის წარმომადგენლებმა უკან დააბრუნეს.
მშვიდობის პარკის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და სამთვიანი ვადის მიუხედავად, 2024 წლამდე გაგრძელდა.
ორჯერ ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, პარკის მშენებლობა კომპანია “პარამეტრმა” განახორციელა.
დასრულებულ სარეკრეაციო სივრცეში მოწყობილია ველო და საფეხმავლო ბილიკები, სკეიდბორდისა და საბავშვო მოედნები, ფანჩატურები, სავარჯიშო და სხვა ინფრასტრუქტურა, დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეო- კამერები.
სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
სამუშაოების განხორციელებაზე ლარი, რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში 2 518 787 ლარი, ევროკავშირის დაფინასებით დაიხარჯა.
,,დღეს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა თელავს, რომელიც 2 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა გაშენებული. მოწყობილია სხვადასხვა საბავშვო გასართობი კუთხე, კახეთის რეგიონში პირველი სკეიტ პარკი, ველო და საფეხმავლო ბილიკები. პროექტი დაფინანსებულია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის მიერ და ჯამური ბიუჯეტი 2 518 448 ლარს შეადგენს. ამ პროექტის განხორციელებისთვის, მეტი წილი ევროკავშირის თანხა არის, ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ადრეც და ახლაც, მერიის და ჩემს პირად გვერდზე დაიდო სრული ინფორმაცია პარკის რეაბილიტაციის შესახებ, აქ დასამალი არაფერია. რაც შეეხება ბანერს, როდესაც ავღნიშნავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებთან ერთად, როდესაც თელავისთვის ასეთი ახალი და მნიშვნელოვანი სივრცე იხსნება, კატეგორიულად მიუღებელია ის პოლიტიკური საბოტაჟი რისთვისაც მობილიზებული იყო ოპოზიციური აქტივი. რათქმაუნდა, კარგია ყველაფერი რაც გამჭვირვალეა და ღიად ხმარდება სასიკეთო საქმეებს. ძალიან ცუდია, როდესაც ცდილობენ არაფრისგან შექმნან საბაბი და გამოიყენონ ასეთი დღეებიც პოლიტიკური ქულების დასაწერად. ევროკავშირის დახმარებას რათქმაუნდა ჩვენ არ უგულებელვყოფთ”,– განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.