საძოვრების მართვის გეგმა- რას შეუწყობს ხელს კონტროლირებადი ძოვების სისტემის შემოღება
პროექტი, რომელიც 3 რეგიონში, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში ხორციელდება, ხელს უწყობს 60 ჰა საძოვარზე კონტროლირებადი ძოვების სისტემის შემოღებას და ადგილობრივი მოსახლეობის სწავლებას. აღნიშნული საძოვრებით, რომელიც საპილოტედ იქნა შერჩეული, სარგებლობს 22 შინამეურნეობის (82 მაცხოვრებელის) კუთვნილი 150 სული პირუტყვი.
სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით სოფლებში პრობლემები ბევრია, რადგან მოსახლეობის მიერ საძოვრებზე ხდება არაკონტროლირებადი ძოვება, რაც მის დეგრადაციას იწვევს. სწორედ ამ საკითებს ეხმიანება პროექტი „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამ რეგიონში, მათ შორის კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, მოეწყო საპილოტე საძოვარი, რომელიც შემოსაზღვრულია ე.წ. ელექტრომწყემსით და დანერგილია მდგრადი მართვის ღონისძიებები. აღნიშნულ სოფელში მოეწყო გაცნობითი ტური, რომელშიც მონაწილეობა ფერმერებმა, სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.
CENN-ის პროექტის მენეჯერი, ჯიმშერ კოშაძე აცხადებს, რომ საძოვრების მართვასთან დაკავშირებული საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის წარმოადგენს იაფ საკვებ ბაზას მესაქონლეობისთვის.
,,პროექტი ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, დაფინანსებულია გარემოსდაცვითი გლობალური ფონდის მიერ, განმახორციელებელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO. საძოვრების მართვასთან დაკავშირებული საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 25%-ს წარმოადგენს.
ამ საძოვრების დეგრადაცია ადამიანის ჩარევის, გარემო კლიმატური პირობებით თუ ზოგადად კლიმატის ცვლილებით შეიძლება მოხდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით განხორციელდეს მდგრადი მართვის პრაქტიკების დანერგვა. საძოვრები საქართველოში წარმოადგენს იაფ საკვებ ბაზას მესაქონლეობისთვის’’,- განუცხადა knews.ge-ს ჯიმშერ კოშაძემ.
კონტროლირებადი ძოვების დემონსტრირების მიზნით, სოფელ ნანიანში საპილოტე საძოვრის 42 ჰა-ზე მოეწყო ელექტროღობე, რომლის საშუალებით საპილოტე საძოვრის პირველი უბანი (10 ჰა) გაიყო 6 ნაკვეთად, ხოლო მეორე უბანი (32 ჰა) გაიყო 7 ნაკვეთად. ბენეფიციარ შინამეურნეობების წარმომადგენლებთან ერთობლივად შემუშავდა ძოვების სქემა/კალენდარი, რომელშიც მითითებულია თითოეულ ნაკვეთზე ძოვების დაწყებისა და დამთავრების თარიღები, ასევე, პირუტყვის ოპტიმალური რაოდენობა. კალენდრის კორექტირება კი ხდება ნაკვეთზე ბალახოვანი საფარის მდგომარეობის შესაბამისად.
გარდა ამისა, პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევაში, დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი კომპონენტის (მარეგულირებელი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს გაძლიერება საძოვრების მდგრადი მართვის პრაქტიკის გასაძლიერებლად საქართველოში) ფარგლებში მომზადდა და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმდა „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია“, რომლის საფუძველზეც ამჟამად მუშავდება საქართველოს კანონის პროექტი „საძოვრების მართვის შესახებ“.
ასევე, შექმნილია საძოვრების მართვის საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები ეროვნულ და მუნიციპალურ დონეებზე. როგორც კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საველე ექსპერტი ანზორ გოგოთიძე, აცხადებს, გარდა იმისა, რომ სოფელში კონკრეტული აქტივობები განხორციელდა, მათ საპილოტედ შერჩეულ სოფლებში ასევე იმუშავეს საძოვრების მართვის მექანიზმის შემუშავებაზე.
,,ნანიანის შემთხვევაში შემუშავდა საძოვრების მართვის გეგმა, საერთაშორისო ექსპერტის მიერ, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს, ამ სოფელში მოსახლეობის და ფერმერების ჩართულობით. პროექტის ფარგლებში ელექტროღობის საშუალებით მოეწყო საძოვრები, სადაც ხორციელდება კონტროლირებადი ძოვება, ჩატარებულია სამუშაოები წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად. იმ საძოვრებზე, რომელიც საერთო სარგებლობაშია სოფლის მიერ, გარკვეული ღონისძიებები არის განსახორციელებელი, რომ დეგრადირებული საძოვრების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ერთ-ერთი მეთოდი არის საძოვრების მონაცვლეობითი ძოვება და ელექტროღობეები, რომლის პილოტირებაც ხორციელდება მათ შორის ნანიანშიც. ტარდება ტრენინგები და ინდივიდუალური შეხვედრები პროექტის მხრიდან, იქმნება დახმარების პროგრამები ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მოქალაქეებმა, თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე, საძოვრების მართვა სწორად მოახდინონ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შექმნილია მოსარგებლეთა გაერთიანება სოფელ ნანიანში, რომელსაც აქვს იურიდიული სტატუსი და ის მუნიციპალიტეტთან ერთად, თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას სოფლის სარგებლობაში არსებული საძოვრების მართვაზე’’ – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ანზორ გოგოთიძე.
სპეციალისტების თქმით, დღეისათვის არსებული ბუნებრივი საძოვრების დიდი ნაწილი დეგრადირებულია გადაჭარბებული და დაუგეგმავი ძოვების გამო. მრავალჯერადი გაძოვების შედეგად კი ბალახის სასარგებლო სახეობები სუსტდებიან და ვეღარ ახდენენ აღდგენას. აღნიშნულის გამო, ბუნებრივ საძოვრებზე, განსაკუთრებით კი სოფლების მიმდებარედ არსებულ და ზამთრის საძოვრებზე, აღინიშნება სასარგებლო ბალახეულის შემცირება, დასარეველიანება, ეროზიული პროცესები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საძოვრების პროდუქტიულობას.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენელი ანა რუხაძე აცხადებს, რომ პროექტი, რომელიც აღნიშნული კუთხით ხორციელდება, ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს.
,,საქართველოში საძოვრებს დიდი ფართობი უკავია, მაგრამ მისი მართვა სწორად არ ხორციელდება. ძირითადად საძოვრები გამოიყენება უკონტროლოდ, ამას მოსდევს ბევრი უარყოფითი შედეგი: აღინიშნება საძოვრების დეგრადაცია დიდ ფართობებზე.
პროექტის ფარგლებში, ასეთი შეფასებები გაკეთდა უკვე სამ საპილოტე მუნიციპალიტეტში. საძოვრების აღდგენის ღონისძიებების განხორციელებით, მარტივად არის შესაძლებელი ბევრი უარყოფითი შედეგის აცილება, საძოვრის აღდგენა და მისი პრევენცია. გურჯაანის მუნიციპალიტეტში აქტიურად მისდევენ მესაქონლეობას და ეს არის შემოსავლის წყარო მცირე ფერმერებისთვის. ასევე სოფელ ნანიანის ამ საძოვარზე, რომელიც არის ნაწილობრივ დეგრადირებული, ფართოდ არის გავრცელებული სარეველები. თითქოს ერთი შეხედვით ჩანს, რომ ბიომასა დიდია და ბალახი ბევრია, მაგრამ ეს არის არაჭამადი, რომელიც არ მოსწონს პირუტყვს. ამის პრევენცია კი შესაძლებელია საძოვრების სწორი დაგეგმვის და მართვის პირობებში.
ჩვენი პროექტი ასევე მუშაობს ბიზნეს მოდელების შემუშავებაზე, დაქირავებულია ეკონომისტების ჯგუფი, რომლებიც აკეთებენ გაანგარიშებას, რომ გამოვლინდეს, რა ინვესტიციის ჩადებაა საჭირო საძოვარში, რომ მისი უკუგება მოხდეს. გარდა ამისა, დემონსტრირებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს, მცირე დანახარჯებით რამდენად შესაძლებელია საძოვრის პროდუქტიულობის გაუმჯობესება ისე, რომ გაიზარდოს მიღებული შემოსავალი მეცხოველეობიდან’’,- აცხადებს ანა რუხაძე.
პროექტი „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.
პოდკასტის სტუმრები:
ჯიმშერ კოშაძე-პროექტის მენეჯერი CENN
ანა რუხაძე- კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენელი
ანზორ გოგოთიძე- კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საველე ექსპერტი