ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე
ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია, – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საბოლოო მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
“ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია და უგულებელეყო ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტები, რომლებმაც ამ კანონის გაწვევის ნათელ რეკომენდაციამდე მიიყვანა.
ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამზე იწვევს უკუსვლას (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციის შესახებ; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ), რომლებიც კანდიდატის სტატუსისთვის ევროკომისიის რეკომენდაციაში არის აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის ლიდერებმა დაუჭირეს მხარი და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე”, – წერია განცხადებაში.
ბორელი და ევროკომსიია მოუწოდებენ, საქართველოს ოფიციალურ პირებს, შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “კანონის მიღმა, ამ მომენტისთვის არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება მობილიზებულ იქნა ცხრა ნაბიჯზე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის.
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ შეაბრუნონ ეს ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად – მაგრამ მმართველი ოფიციალური პირების მხრიდან ძლიერი ერთგულებაა საჭირო.
ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ. ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას და საკუთარი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის მათი სრული უმრავლესობის არჩევანს ვაღიარებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.