პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცხო ნომრებიდან მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უწყებას არაერთმა პირმა მიმართა უცხო ნომრებიდან მათ ტელეფონზე ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით. საუბარია რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებზე.
უწყება ამბობს, რომ მოქალაქეების ნაწილი მიუთითებდა მათ მიმართ მუქარაზე, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნეს.
რაც შეეხება მიმართვების ნაწილს, რომლებშიც მითითებული საკითხების შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციაა, უწყება ამბობს, რომ ხორციელდება მომართვების ავტორებთან დაკავშირება და შემდგომი მოკვლევისთვის საჭირო დამატებითი დეტალების დაზუსტება, სატელეფონო ზარების ინიციატორი პირების იდენტიფიცირების მიზნით მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მომართვების სამსახურისთვის წარმოდგენა მოცემული დროისთვისაც გრძელდება.
ზემოაღნიშნულ მომართვათა ნაწილში მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო საუბრების ფარგლებში, ზარების ინიციატორების მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა მუქარა. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მომართვების ხსენებული ნაწილი სამსახურის მიერ, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში.
რაც შეეხება წარმოდგენილი მომართვების იმ ნაწილს, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს მათში მითითებული ფაქტების კანონიერების შეფასებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. აღნიშნულის ფარგლებში, ხორციელდება მომართვების ავტორებთან დაკავშირება და შემდგომი მოკვლევისთვის საჭირო დამატებითი დეტალების დაზუსტება, სატელეფონო ზარების ინიციატორი პირების იდენტიფიცირების მიზნით, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისგან ინფორმაციის გამოთხოვა კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილების და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ, ასევე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ჯეროვნად შესწავლისთვის აუცილებელი სხვა ქმედებები.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემთხვევაში, მათ დაევალებათ, სამსახურს წარმოუდგინონ განმარტებები სატელეფონო ნომრების მოპოვების და გამოყენების გზების, სამართლებრივი საფუძვლის და მიზნის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგინდება, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით, სამსახური მიმართავს ამავე კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, დააკისრებს დამრღვევ პირებს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელს”.
ნახეთ ასევე ამავე თემაზე მომზადებული მასალები:
,,კახეთის ხმის” ჟურნალისტებს გინების და მუქარის შემცველი ტექსტებით ურეკავენ
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, კახეთში, უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან