11 ამერიკელი სენატორი – კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს
შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საერთო განცხადებას 11 ამერიკელი სენატორი ავრცელებს.
სენატორები აღნიშნავენ, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან, თუმცა ინარჩუნებენ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან.
“შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის. ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა გაიმართა ასობით ათასი ქართველის სურვილების დარღვევით, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის იქნება გამოყენებული, არამედ საქართველოში დემოკრატიის წინსვლას შეაფერხებს. ეს კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ ყველა ორგანიზაციამ, რომელიც თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებს, უცხოურ აგენტებად დარეგისტრირდნენ, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მუშაობას ქვეყანაში, სადაც მწირი დაფინანსებაა. ამ კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს და ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს დააზიანებს.
როგორც პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი წერილში გაფრთხილება გავავრცელეთ, ამ კანონპროექტის მიღება საჭიროს გახდის კონგრესის მიერ აშშ-ის საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვის განხილვას, რათა საქართველოში ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი ასახოს. როგორც წინასწარ გაფრთხილება გავავრცელეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, ვიზის აკრძალვებსა და ამერიკული პირდაპირი დახმარების გადახედვას. როგორც კონგრესის წევრები, რომლებსაც ქართველი ხალხის ღრმა სიყვარული გვაქვს და რომლებიც ვიბრძოდით ძლიერი ორპარტიული და ორმხრივი კავშირებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერასა მათი ხმის ამაღლებას – რომელთაგან 79% თანმიმდევრულად უჭერს მხარს ევროკავშირში წევრობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი დღეა, ჩვენ ვინარჩუნებთ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორპარტიული განცხადების ხელმომწერებს შორის არიან სენატორები: ჯიმ რიში (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინი (დემოკრატი), ბენ კარდინი (დემოკრატი), კრის კუნსი (დემოკრატი), დიკ დურბინი (დემოკრატი), როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი), ტიმ კეინი (დემოკრატი), რიჩარდ ბლუმენთალი (დემოკრატი), პიტ რიკეთსი (რესპუბლიკელი), ლინდსი გრემი (რესპუბლიკელი) და ტომ ტილისი (რესპუბლიკელი).