ახალი ამბები

,,შეაჩერეთ ეს კანონი” – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, აცხადებს, რომ მას აქვს მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თუ არ გაიწვევს რუსულ კანონს, ამით დააკარგვინებენ ქვეყანას გაწევრიანების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შანსს.

მიხაელ როთი, პოლონეთის, ჩეხეთისა და ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან ერთად შეხვდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მიხაელ როთი დელეგაციის ხელმძღვანელია. მან, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის წევრი, მკაფიო გზავნილის გასაგზავნად. ჩვენ ვართ საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები და ერთგული ვართ იმის მიმართ, რომ საქართველოს ადგილი ევროპის გულშია.

ეს ნიშნავს, რომ თავდაუზოგავად ვმუშაობთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. მაგრამ, ძვირფასო მთავრობავ, ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ ეს კანონი. ვერ ვხედავ პირობებს საქართველოს ნათელი მომავლისთვის, თუ მთავრობა ამ კანონს არ გაიწვევს. ვაფასებ ხალხს, რომელიც ქუჩებში აწყობს მშვიდობიან დემონსტრაციებს.

თბილისი ნამდვილად არის ევროპის დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე დროს და ვიმედოვნებ, გვექნება შანსი, ვილაპარაკოთ მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ვერ ვხედავ მოლაპარაკებების დაწყების შანსს წევრობაზე ამ კანონით. ევროკავშირის გზავნილი მკაფიოა.”
– აცხადებს მიხაელი